giovedì 29 maggio 2008

კვლავ გაისმის ოდოია (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

აფხაზეთში ტაროსია, თუ წვიმები დამდგარა,
მესეფენი* მოსულან და აქ ენგურთან დამდგარან,
თარაშ ემხვარს ესიზმრება არამხუტუ ვერეხი**,
დრო გაჩერდა, გაირინდა, ციდან მოდის მერეხი...

ამბებს ჰყვება ლუკაია, ძველებურს და დარდიანს,
ოდიშს მოვა, შევეგებოთ დევგმირ ცოტნე დადიანს.
ენგურს ებრძვის ემუხვარი, მთვარე მოუტაცნია,
კვლავ გაისმის ოდოია, ცაში აუტაცნიათ!...

*მესეფენი-ქვეწარმავალთა ღმერთები, ცხოვრობენ თურმე ზღვაში. კ. Gამსახურდიას “მთვარის მოტაცებიდან”
**ვერეხი-(მეგრ) გოლიათი

გეფიცებით, ძმობას (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ვუძღვნი კავკასიის გათავისუფლებისათვის
მებრძოლ ვაინახ ძმებს.

კავკასიის მთებში იბრძვის ვაინახი,
დაშანთული მკერდით, ბევრი ჭირნანახი,
აქვს ქორივით მზერა, ძმისთვის ღია გული,
გეფიცებით ძმობას, კოლხი გაყიდული...

ვედენო და დარგო არ მაქვს ჯერ ნანახი,
მტერმა იქ იპოვა მიწა დასამარხი,
მეც მიგულე შენთან, შენებრ მიცემს გული,
გეფიცები ძმობას, კოლხი გაყიდული.

კავკასიის მგელო, მტრის რისხვა ხარ, მეხი,
გაუჩინე მტარვალს დიდი თავსატეხი.
ტყუილია, ძმებო, რუსს არა აქვს რჯული!
გეფიცებით ძმობას, კოლხი გაყიდული.

კოლხეთი (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

კოლხეთი-ლეგენდა, მითი და ზღაპარი,
კოლხეთი-სამოთხე, ედემის ბაღნარი,
კოლხეთი-გელათი, ილორი ბიჭვინთა,
ტკბილი ნანინა და კელაპტარი...

კოლხეთი-აია და ოქროს საწმისი...
კოლხეთი-ტაძარი და დიდი ფაზისი,
კოლხეთი-ცოტნე და წმინდანი ამბროსი...
მყოფადი ნათელი, ნაშობი აწმყოსი.

კოლხეთი-ჭყონდიდი, ანკარა ტეხური.
კოლხეთი-ქუჯივით არს სიტყვა მეფური.
კოლხეთი-ანბანი ფარნავაზული,
კოლხო, მოდგმა ხარ იაფეტური.

კოლხეთი-ვეფხვივით ღრიალა ენგური,
კოლხეთი-როკვა და მკვნესარე ჩონგური,
კოლხეთი-მახვილი კავკასიური,
ღმერთების სავანე ოლიმპიური.

კოლხეთი-უტეხი, კლდე, ციტადელი.
კოლხეთი-მადლია და საკმეველი.
კოლხეთი-უმანკო, ვით თაფლის სანთელი.
შენი პირმშო ვარ და შენზედ მლოცველი.

მიკვირს (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

კაცი როცა სინდისს ჰყიდის,
რაღა უნდა მწამდეს მისი?
აღარ ვიცი, თანაც მიკვირს,
ის უკეთესს რას იყიდის?...

კაცი ვარ და მიტომ მიჭირს,
ვერ წამართმევს ვერვინ სინდისს,
არაკაცთა ნაჭამ სირცხვილს
მე ვარჩევდი კაცურ სიკვდილს.

წყვდიადზე განა ითქმის ნათელი?... (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

გამოეხვია ცხვრის ქურქში მგელი,
იყო ყვავი და გამხდარა მღვდელი,
აქ, ჩვენთან ვარქმევთ ყორანს მიმინოს,
ვისაც ყური აქვს, უნდა ისმინოს!

ცრუობს ფლიდი და ფარისეველი,
ჩემობს კრავობას ეგ მწვალებელი,
ახლა დემონი დევნის ანგელოზს,
ვისაც ყური აქვს, უნდა ისმინოს!

წყვდიადზე განა ითქმის ნათელი?
გვედრი, უფალო, იხსენ ქართველი.
მხოხავმა ცაში როგორ იფრინოს?
ვისაც ყური აქვს, უნდა ისმინოს.

ჰოი, ნანა (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ვუძღვნი აფხაზეთის შაოსან დედებს

ჰოი ნანა, დიდოუ ნანა,
ვოი ნანა, ვოი ნანა!
ტირის, მოსთქვამს კოლხი ნანა:
ეჰ, წაგვართვეს ჩვენი მიწა,
ჩვენი ზღვა და ჩვენი ზეცა,
გულრიფში და ჩემი დრანდა,
აქეთ გალი, იქით გაგრა,
მამლუქის ხვედრს მაზიარეს,
ოდაბადე მომენატრა!
ჰოი ნანა, ვოი ნანა,
ვოი ნანა, ვოი ნანა!
აფხაზეთის წმინდა მიწა
კოლხთა სისხლით გადაიწრყა,
შევუპყრივარ ნოსტალგიას,
მენატრება ჩემი რიწა,
ჰოი ნანა, დიდოუ ნანა,
ვოი, ნანა, ვოი ნანა!
ცოცხლად დასწვეს კოლხი ნანა,
მერამდენედ, ერთხელ განა?!
იწვის, იწვის კოლხის ოდა
და მის გვერდით კოხტა ფაცხა.
ჰოი ნანა, დიოდუ ნანა,
ვოი ნანა, ვოი ნანა!
ბოღმა ახრჩობს ხვიჩას, გოჩას,
კოლხი ცირა გოდებს, მოსთქვამს,
ვინღა გაძლევს ბრძოლის ნებას,
დაგახლიან ზურგში ტყვიას.
ჰოი ნანა, დიდოუ ნანა,
ვოი ნანა, ვოი ნანა!
მე სიცოცხლე რაღად მინდა,-
ვერ ვაკითხავ მამის საფლავს,
ვფიცავ, კოლხურ ნანას ვფიცავ,
მე ჩემს სოხუმს კვლავაც ვნახავ.
ჰოი ნანა, დიდოუ ნანა,
ვოი ნანა, ვოი ნანა!

მწყემსო კეთილო (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

მამულზე დარდმა მომიწყო ჯანყი,
არღვევს გრიგალი ფიქრების ტალღებს.
ამ ქარიშხალში მეზღვაურივით,
აღარ ვეშვები ცხოვრების საჭეს.

როგორ ვუყურო სისხლიან ხელებს?
ან კიდევ ამდენ ცრემლების ჩანჩქერს?!
ნესტანი დღესაც ტყვე არის ქაჯეთს,
დემონი ისევ, ისევ ხარხარებს.

აღარ მღერიან აქ იავნანას,
ცეცხლს უკიდებენ აკაკის აკვანს.
ვინ უმკურნალებს ფშაველას არწივს,
კავკასიონზე ამაყად გაზრდილს...

სადღაა სახე, ვუყურებ ნიღბებს,
კვლავ თაყვანს სცემენ კერპებს, ქიმერებს,
ღმერთო მაღალო, მწყემსო კეთილო,
შენ გადმოხვედე მაცხოვრის შვილებს!

ომის საყვირი (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

სანამდის მამულს ადევს ბორკილი,
იქნება ურვა, იქნება ჭირი,
მახვილით მოსულს ჩავცეთ მახვილი,
ავახმიანოთ ომის საყვირი!

განა იქცევა მოყვარედ მტერი?
სურთ გადაშენდეს კოლხი, იბერი...
იქნება ომი? გაჩნდება გმირი.
ავახმიანოთ ომის საყვირი!

მტერს როდის ჰქონდა სიტყვა, ან პირი?
დღეს ამას იტყვის მხოლოდ ბრმობილი.
მახვილით მოვა? მოკვდეს მახვილით,
ავახმიანოთ ომის საყვირი!

ლაბირინთები (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

საოცარია წუთისოფლის ლაბირინთები,
ფიქრობ ბოლომდე გასული ხარ, უკან ბრუნდები,
დღეს რუბიკონზე გადასულან არაკაცები,
მაშ რა გეწოდოს, არაკაცო, ორჯერ თუ კვდები...

საწუთრო ბრუნავს, აგური აგურს ისევ ეწყობა,
ბევრს არ აწუხებს, რომ არ ფასობს კაცურ-კაცობა,
მაწუხებს აზრი-ხსნა სადღაა, რა გაეწყობა?!
ღმერთო, მითხარი, სანამ გასტანს მუხანათობა?!

შენ ხარ ლაზარე (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

მკვდარი არა ხარ, შენ ხარ მძინარე,
აღსდგები მალე, როგორც ლაზარე,
იესოს ძმა ხარ, მისი მოყვარე,
ჩემო კოლხეთო, შენ ხარ ლაზარე!..

ღმერთმა ჩაგბერა ამბოხი სული,
არ დაფერფლილა მგზნებარე გული,
ხარ უფლის მიერ ნათელცხებული
და უკვდავება მინიჭებული...

კოლხეთის ზეცა, ტატნობი ლურჯი,
არა გვყავს ცოტნე, არა გვყავს ქუჯი
და მაინც იბრძვის თავგანწირული,
არ დაიჩოქებს კოლხეთი ურჩი...

ვინც ვინატრეთ (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

გოლგოთაზე აჰყავთ ქრისტე,
ხელებს იბანს პილატე,
ქრისტეს გზაზე უარი ვთქვით,
ბარაბას გზით ვიარეთ.

გოლგოთაზე აჰყავთ ქრისტე,
ხელებს იბანს პილატე,
მან ნათელი მოგვაფინა
ჩვენ კი ბნელში ვიარეთ...

გოლგოთაზე აჰყავთ ქრისტე,
ხელებს იბანს პილატე,
მან ცხებული მოგვივლინა,
ჩვენ ბარაბა ვინატრეთ.

გოლგოთაზე აჰყავთ ქრისტე,
ხელებს იბანს პილატე,
ღმერთმა მადლი მოგვაფრქვია,
ჩვენ იუდა ვიწამეთ.

გოლგოთაზე აჰყავთ ქრისტე,
ხელებს იბანს პილატე,
აგერ, აქ გვყავს, ვინც ვინატრეთ,
ბარაბაც და პილატეც.

შენზე ვლოცულობ ყოველ ცისმარე (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ღამეა, ნელა მიგორავს მთვარე,
ქვეყნიერება შემოვიარე...
აღარსად არის მეორე მთვარე,
აღარც მეორე სამშობლო მხარე...
დევნილის ხვედრი გავიზიარე,
ო, როგორ ძნელი და ერთობ მწარე...
ერთადერთი ხარ, მშობელო მხარე,
შენზე ვლოცულობ ყოველ ცისმარე...

რას ფიქრობს ურთა?.. (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

კოლხეთის ზეცა კამკამა, სუფთა,
დანისლულია, რას ფიქრობს ურთა?..
იქნებ ჩაესმის ლოცვა ქურუმთა
და ან ძახილი გმირ წინაპართა...
იქნებ ჩაესმის გუგუნი ზართა,
ბრძოლოს ყიჟინა კოლხ ამორძალთა...
იქნებ აწუხებს სიმუხთლე ჟამთა,
ან მწარე ხვედრი კოლხთა და ლაზთა...

მეფე გიორგი (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

მეფე გიორგი - უფლის მახვილი,
წმინდა გიორგი გამოსახული...
მეფე აფხაზთა, იბერთა, ლაზთა
დიდი რაინდი იმერ-ამერთა...

მაშინ აშენდა სვეტიცხოველი,
იქ ეჯახება მტკვარს ხომ არაგვი,
ჯერაც არს ერი ჯვარზე მლოცველი,
მართლა მოჰკვეთე შენ უტას მკლავი?!.

შენ უარყავი ბიზანტიონი,
არ იყავ მათი ცენტურიონი...
ო, უშიშარო, ვითარ უხორცო,
მე შენზე მინდა მუდამ ვილოცო...

ჰოი, მყინვარო! (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

მამა-პაპათა გვესმის ყიჟინი,
რეკენ ზარები, არის გუგუნი,
მრავალჟამიერ, კოლხეთს დიდება!
ისევ იქა დგას იბერიონი.

არც ჰიმალაი, აღარც ტიბეტი,
დადგება ჟამი, მალე დადგება,
თავისას იტყვის კავკასიონი.
ჰოი, მყივარო! შენ ხარ სპეტაკი,
ქრისტემ ჩაგაცვა თეთრი პერანგი.

ბორძალი (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

მოქუფრულია კოლხეთს ცარგვალი,
უძლეველია ვითომ მოსკალი?...
ილორს ვინ ჰკადრა ნაილორალი?!.
წმინდა გიორგის მოჰყავს ლაშქარი,
მტერს დაატყდება თავზე ბორძალი.

ნოსტალგია (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ადგილის დედა მიყიჟინებს, უკან მეძახის,
დაობლებული ოდაბადე გოდებს და ტირის...
მატყვია დაღი კოშმარული სიცარიელის,
მწარე გოდებით ვუერთდები ჩემს მიწის ყივილს.

მივყვები ბილიკს, დანისნულია თვალსაწიერი,
რისი ზეიმი? სიმფონია არის სიკვდილის,
ბავშვობის წლები გაიელვებს, წამისმიერი
და კოლხი კაცი ჩემს დაკარგულ კუთხეს მივტირი.

ნაციმბირალი ჩვენი პაპები (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ნაციმბირალი ჩვენი პაპები,
საფლავში ჩაჰყვა ბევრს ბორკილები,
დიდი ტაიგა, იქ ქართველები,
თეთრი დათვი და კალიმელები...

ზღვაზე დაფრენენ კვლავ თოლიები,
შენ კი დაგადგეს ბორკილ ხუნდები,
უნდა დაინგრეს ბასტილიები,
ტაგანკა იყოს, გინდ "ბუტირკები".

მუდამ იქნება ის თვითმპყრობელი
და მისი ძმა კი ტამბოვის მგელი.
ჯერ "ლუბიანკა", მერე "ცენტრალი",
ქართველო, გახდი თავისუფალი!

ჩემო ნანინა (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ჩემო ნანინა და ჩემო ჩელა.
ო, ჩემო ბათა, ვოდელა, დელა...
ო, საყვარელო და მათრობელა,
მოკაშკაშეო და თუთარჩელა.

ჩემო კოლხეთო, შენ ხარ ზღაპარი,
დღემდე მოსული, როგორც ლეგენდა.
მანათობელი, სულის ლამპარი,
სალოცავი ხარ წმიდათა წმინდა.

ცოდვა (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

დღეს ლუციფერი სადღეგრძელოს ამბობს ღალატის,
პირმოთნენი კი მლიქვნელობენ ზღვარს გადასულნი,
მათთვის უცხოა წინააღმდეგ ცურვა დინების,
სურთ უღმერთობა დაამკვიდრონ მარადიული.

იუდამ თავად აღიარა გაცემა უფლის,
მან ვერ მიიღო ნეტარება ოცდაათ ვერცხლის,
ისკარიოტელს აღარ შერჩა ბილწი ამბორი,
ასე უზნეოდ დაენგრევათ სოდომ-გომორი.

საფარ ბეგი (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ვუძღვნი ბომბორაში(გუდაუთის რაიონი), რუსეთის სამხედრო აეროდრომზე,
აფსუების მიერ მანქანის საწვავზე გაყიდულ ქართველ გოგონებს, (ინფორმაცია
მივიღე საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით, 27 სექტემბერი 1998 წელი)

საფარ ბეგო, პირშავი ხარ,
გამზრდელიდან შემიტყვია...
პაპაჩემის კოლხურ მიწა
სათარეშოდ გაგიხდია!

გაგონილმა შემაძრწუნა,
მტერ-მოყვარე ვერ გიცვნია,
ბომბორაში კოლხი ცირა
საწვავზე რომ გაგიცვლია.

ნაშიერი მონღოლთ ურდოს
მამობილად გაგიხდია...
თუმცა, ხედავ,საჩუქრისთვის
მადლობასაც არ გიხდიან.

ეგ რამდენი ნაძირალა,
ჰაჯი უსუპ, გაგიზრდია!
გველს უბეში ვინახავდით
ეჰ, ამდენ ხანს არ გვიგრძვნია.

წინაპართა მიტოვებულ
საფლავები რას მეტყვიან?.
თუკი აღარ გაგიცივე,
საფარ ბეგო, გულში ტყვია!

ჯუმა ლაზი (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

დიდო ხელმწიფევ, მითრიდატევ, გეამბორები,
დაკარგულია კვირიბები, არ გვყავს მოგვები.
ძველი დიდებაც აღარ არის, დაკარგულია,
სკვითმა წაგვგლიჯა სებასტოპოლი-დიოსკურია.

არაფერს ამბობს, დადუმებულა ჩვენი ფაზისი,
თუმცა, იქ დადგეს დიდი ძეგლი ცოტნე რაინდის.
რად გადაკვრია ამ ჩვენს წარსულს შავი ბურუსი?
აღარ მასვენებს მწარე ხვედრი ლაზეთ-კოლხეთის.

არ მიგვიძღვიან მეფეები-წათე, გუბაზი,
ბობოქრობს პონტო. ქარიშხალი. არის მერეხი.
ხოფაში მივალ, წინ მეღობება ურჩი ჭოროხი,
იქ მელოდება ჩქიმი ჯუმა, ამაყი ლაზი.

ვაზი და ენა (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

მამულს თელავდა მტერი მტარვალი,
იჩეხებოდა ვაზი და ენა...
თავს გვეხვეოდა ურდო მრავალი,
მაინც ვერ შერყვნეს მაცხოვრის რწმენა...

იყო მახვილი კვეთება, ღრჭენა,
ბრძოლის ყიჟინა, რაინდთა რკენა,
იყო ტაიჭთა სრბოლა და ბრდღვენა,
შუბის ტყორცნა და ისრების ფრენა...

ენა, მამული, სარწმუნოება,
ეს სამებაა, ღვთიური მცნება,
ჩვენ აღმაფრენა მით გვენიჭება,
მისთვის სიკვდილი, ან გამარჯვება!...

ლაზი ვარ (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ლაზი ვარ, ლაზი!
მიყვარს ზღვა, თვალსაწიერი უკიდეგანო,
ზღვაზე გაზრდილი, დღეს ვარ ბოგანო,
იმ ტკბილ სავანეს ვერ შეველევი,
გულში ჩავიკრავ და სათუთად შემოვეხვევი.

ლაზი ვარ, ლაზი!
გამიშვით ზღვაში, იმ სტიქიონში გადავვარდები,
ბობოქარ ტალღებს, აზვირთებულთ შევერკინები.
შთანმთქას სტიქიამ, შეეხეთქება ზვირთებს ზვირთები,
ჰა, ავიწყვიტე, ვიცი, მისი წერა გავხდები!

ლაზი ვარ,ლაზი!

კავკასია არის მესია (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

თვით კავკასია არის მესია,
უფლის ტაძარი და ეკლესია,
რომ წილხვედრია, თან ქრისტესია,
არსთაგამრიგეს დანაწესია...

არის დიდგორი, არის ქართლოსი,
და ნატერფალი წმინდა ნინოსი...
კავკასიონზე დგას ანგელოსი,
ცრემლი იღვრება აქ იესოსი...

სადაც ქრისტეა, იქვეა ჯვარცმა,
ჯერ უნდა ევნო, მერეა კდემა,
თუ გოლგოთაა, არის აღდგომა,
ესაა ნება და უფლის აღთქმა...

აჰა, ინათებს (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

აჰა, ინათებს, მოვა უფალი,
იხარე ერო, შემოჰკარ ზარი...
წინ მიგიძღვება რწმენა მართალი,
ღმერთმა გიკურთხა ვაზი და ჯვარი.

მწყემსს ელოდება ობოლი ცხვარი,
კავკასიონზე დგას მაცხოვარი...
ერო, შემოჰკარ, შემოჰკარ ზარი,
მწამს, აგიხდება ნაოცნებარი...

ჰე, მებადურო! (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ჰე, მებადურო! აღმოსავლეთით ისროლე ბადე,
იქ დაუმალავთ ოდითგანვე დიადი სიბრძნე.
ავთანდილიც ხომ აღმოსავლეთით ეძებდა ნესტანს,
არა მიწიერს, არა მოკვდავს, არამედ ღმერთქალს.

ქაჯეთის ციხე აღებული გვეგონა თითქოს,
ამ საიდუმლოს განაცხადებს თვით ბრძენი დივნოს,
ბოროტებაზე იმარჯვებსო ბოლოს კეთილი,
ასე მღეროდა რუსთაველი, კაცი ღმერთქმნილი.

ალექსანდრე ბატონიშვილს (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

სიზმარად ვნახე ალექსანდრე უფლისწული,
წუხელ იყო ხევსურეთში ამოსული,
რაშზე იჯდა ზვიადი და რაინდული,
უხდებოდა ჯაჭვ-პერანგი ხვარასნული.

ხეკში ეპყრა უქარქაშო ორლესული,
კვლავაც გმირი, ბობოქარი მისი სული,
სამშობლოზე გული მაგრად ანთებული,
მასთან ერთად ჯვარცმული და წამებული.

ზრახვა რუსის მუდამ იყო ვერაგული,
სიავესაც აქვს თავისი დასასრული.
სიზმრად ვნახე ალექსანდრე უფლისწული,
უხდებოდა ჯაჭვ-პერანგი ხვარასნული.

გაბრწყინდება (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ვუძღვნი აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული
ჩემი სულიერი ძმის- გურამ სალიას ხსოვნას.


ათასწლეული გვეთხოვება, მიდის მიიგრაგნება,
დაბეჭდილი წიგნი მალე გაიხსნება.
დიდ არს უფლის ნება,
გაბრწყინდება იბერია, უცილოდ გაბრწყინდება!

ახალი იერუსალიმი ციდან,ზეცით დაეშვება,
დავითის ფესვი გაიხარებს, გამარჯვებით დამკვიდრდება,
ურწმუნოს და მტარვალს ორმაგად მიეზღვება,
გაბრწყინდება იბერია! უცილობლად გაბრწყინდება!

ძმას თუ ემდური (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

“ ძმას თუ ემდური, სად მიგყავს მსხვერპლი?...”
ფიქრობ, მიუძღვნა ღმერთს შესაწირი?...
ო, უგუნურო, უკან მობრუნდი
და პირველ როგში ძმას შეურიგდი...

უფლის სახლია ყველა ტაძარი
და შიგ ანთია ღვთის კელაპტარი...
მოყვასს თუ ვერ სცნობ, ძმა უარყავი,
ღმერთს რაღად უნდა შესაწირავი?!.

(კრებულიდან "შვიდი საყვირი")


ო, იოანე! (ენა-ოი) (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ო, იოანე!
სულიერო ძმაო ქრისტესი.
ჟამი მოსულა უსასტიკესი,
სისხლი იღვრება თეთრი კრავისა,
წმინდათა-წმინდა, უსპეტაკესი!

ო, იოანე!
სულიერო ძმაო ქრისტესი.
მტერია ურიცხვი, მრავალათასი,
დამდგარა ჟამი ყოფნა-არყოფნის...
თავგანწირული იბრძვის კავკასი!

ო, იოანე!
სულიერო ძმაო ქრისტესი.
არს სიტყვა უფლისი,-
შეიმუსრება მტერი უმძვინვარესი,
ლაშქრით, ძლევამოსილ გიორგისი.

ო, იოანე!
სულიერო ძმაო ქრისტესი.
მჯერა შენი გამოცხადების,
ახლოვდება ჟამი განკითხვის,
გადარჩება მოდგმა იაფეტისი...

ო, იოანე!
სულიერო ძმაო ქრისტესი.

(კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ვალერიან ვეკუა: "შვიდი საყვირი" (წინათქმა)

ქარტეხილებთან ჭიდილი

ჩინური წყევლაა-"საინტერესო დროს გეცხოვროსო". ვფიქრობ, აროდეს იმაზე უფრო საინტერესო ჟამი არ დასდგომია კაცობრიობას, ვიდრე დღევანდელობაა. თანამედროვეობა კი ამართლებს ამ დიდი ხალხის ბრძნულად განჭვრეტილი გამონათქვამის ძირითად არსს. ერთი შეხედვით, ყოველივე რბილად აღსაქმელი ეჩვენება ადამიანს. თუმცა, ღრმა დაკვირვება საპირისპირო შედეგს გვაძლევს და მაშინ აშკარა ხდება ჩვენი უმეცრება. აქ განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება ბიბლიურ ფორმულას: "ვისაც ყური აქვს, ისმინოს", რამეთუ ოდენ ჭეშმარიტების მცოდნენი ეზიარებიან სიბრძნეს და ამით ენიჭებათ მათ თეთრის თეთრად და შავის შავად დანახვის უნარი.

დღეს, როდესაც კიდევ ერთი ათასწლეული გალია ქართველმა ერმა; დღეს როდესაც ისევ და ისევ გოლგოთის გზაზე ვიმყოფებით და ვიწრო ბილიკებით მწვერვალისკენ აღმასვლას განვაგრძობთ (სამწუხაროდ, მოცემულ მომენტში მხოლოდ ინერტული მოძრაობაა სახეზე); დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო აქამდე არნახულ ქაოსს მოუცავს, კავკასიის მარგალიტს-საქართველოს-სულიერი ოაზისის ფუნქცია არ დაუკარგავს! ეს მისია მას ოდითგან აქვს დანათლული... მიუხედავად იმისა, რომ აქ, გეორგიაში, ქაჯთა თავბრუდამხვევი ფერხული ტრიალებს და ბოროტეულნი ეშმაკის მანქანებით ცდილობენ ძველთაძველი მოდგმის აღგვა პირისაგან მიწისა, მაინც არ ჩამკვდარა ჩვენში კულტურული ცხოვრება, რაც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის სამომავლო არსებობის ერთ-ერთი არსებითი გარანტია.

რა გადაგვარჩენს?..
სადაა ხსნა?..

აი, ის საჭირბოროტო კითხვები, რომელნიც რახანია, გვაწუხებენ. პასუხიც მზადაა: ახლა მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლური ქრისტიანობის (sic), განათლებისა (sic) და კულტურის (sic) აღორძინება გადაგვარჩენს და ხსნასაც სხვაგან ვერსად ვიპოვით, თუ არ ჩვენში. ამგვარი ტრიადის განხორციელებას საქართველოს მისტიური მერმისი საჭიროებს, რამეთუ მოაწია ჟამმა...

სწორედ, მოსალოდნელი "ახალი დღის" შეგრძნებით იხსნება ვალერიან ვეკუას მესამე პოეტური კრებული "შვიდი საყვირი". აპოკალიფსური სუნთქვით გაჯერებული ლექსები ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან, თუ რაოდენ აქვს ავტორს აღქმულ-გააზრებული რთული თანამედროვეობა:

"აფეთქდა გული, აზრი აფეთქდა,
აფეთქდა გონი!!!
ამას რას ვხედავ-გადარეულა კაცობრიობა...
განა მე ვცდები?!.
ასეა, მგონი!..."

ბიბლიას დასესხებულ პოეტს უფრო უადვილდება ნარ-ეკლის გაკაფვა თავის სავალ გზაზე როგორც შემოქმედებაში, ასევე ცხოვრებაში. წმინდა წერილები ეხმარება ვალერიან ვეკუას, საფუძვლიანად ჩაწვდეს აწმყოსა და წარსულს, ხოლო ეს უკანასკნელი-მომავლის გარკვეული კონტურების მოხაზვაში. შორეულ ნამყოში ნაწინასწარმეტყველევის რწმენით აღვსილი იმედიანად მოელის მოსახდენს, გარდაუვალს...

"რაც დაწერილა, მჯერა".
("მჯერა")

"დაველოდები ჟამს,
რადგან მომავლის მწამს".
("დაველოდები ჟამს")

"მწყემსო, შემოჰკარ
იმედის ზარი".
("იმედის ზარი")

რეველაციური პერიოდი ილაოსებური ტკივილებითაა ნიშანდობლივი, რომლის კვალსაც ყველგან წავაწყდებით. რაზე მეტყველებს კაცობრიობის დროში განფენილი ეპილეფსიური ყოფა? განა, რა უნდა მოჰყვეს ამ თავაწყვეტილ სრბოლას?
უკანასკნელი მწუხრია...
უნდა იშვას "ახალი დღე", მისტიკური ალიონი...

განახლებული მზის ამობრწყინებას ელიან ქრისტეთი განმსჭვალულ რაინდთა სულები. ამად, მთავარია არა მარტო ის, თუ რა ხდება, არამედ ისიც, თუ რამდენად მეტი გადარჩება-თავიდანვე ასე იყო წინასწარგამიზნული:

"უფალო, გვიხსენ,
თუ ტრიალებს ჩარხი უკუღმა
და ილეწება კოლხთა თავზე
კალო სიკვდილის,
ან ძახილია ანგელოზთა
შვიდი საყვირის"
("შვიდი საყვირი")

არცერთი ლექსი ისე არ მიანიშნებს ვალერიან ვეკუას პირად "მე"-ზე, როგორც "კრედო", "მინდობილი იმედის სხივზე" და "ღვინობისთვე". მათში მთელი სისრულითაა ასახული ავტორის პიროვნება, მისი შემმართებელი, მხნე, დამოუკიდებელი და უღალატო ხასიათი. ცხოვრების ქარტეხილებთან ჭიდილში დაღლილს, მაგრამ არა დამარცხებულს, ჯერაც შესწევს თავისი წილი სარეველას ამოძირკვის ძალი. არსებული ქაოტური და ცოდვითსავსე დინების მხედველი ეკითხება საკუთარ თავს:

"მტკივა და მიკვირს,
მე-ამდაგვარი,
რად გახდა კაცი
ასე სხვაგვარი?.."
("დროს რაღას ვერჩი?")

ამად, ძნელია ამგვარ აწმყოში დაყოვნება, რაც წარსულთან ხშირი სტუმრობის მიზეზი ხდება. რომანტიკულ-მელანქოლიური მომენტი ლაიტმოტივად გასდევს ვალერიან ვეკუას თანდათან უფრო მზარდ შემოქმედებას, რადგანაც მხოლოდ მოგონებებში დარჩნენ სიამტკბილობით გატარებული წლები. დღეს კი მათი უკან გამოხმობა ოდენ ფიქრებშია შესაძლებელი:

"ჟამმა გამძარცვა,
არ შემიბრალა,
წლებმა წამართვეს,
ღმერთმა რაც მომცა.
მეც ღვინითსავსე
მიჭირავს თასი
და სიჭაბუკის
ნაკვალევს ვლოცავ..."
("ნაკვალევს ვლოცავ")

თუმცა, მიუხედავად ამოდენა ტრაგიზმისა, ავტორი მაინც ერთგული რჩება მშვენიერების, სილამაზის, სიყვარულის, იდუმალების, განუმეორებლობის. სხვაგვარად ვერ შეიქმნებოდა "ჰოი, ნანა", "სევდის ტაძარი", "დევნილი კოლხის ფიქრები", "შვიდი საყვირი":

"როგორ არ შევსვა სადღეგრძელო ეკლიან ვარდზე,
რომლის სადარი არსად არის ამ ქვეყანაზე".
("მთვარიან ღამეს")

ერთი ასპექტის შესახებ: მოცემული კრებულის კითხვისას ზოგჯერ თვალშისაცემი ხდება ლექსთა ტექნიკურ-სტილისტური გაუმართაობა; ადგილი აქვს რითმათა არაკეთილხმოვანებას. ჯერ კიდევ არ ჩანს ამ უკანასკნელთა ჩამოქნილი, თუნდაც ორიგინალური სახე; დომინირებს ავტორისათვის ნიშანდობლივი დიონისური ბორგვა (ერთ-ერთი აუცულებელი, მაგრამ არა ყოვლისმომცველი საწყისი ხელოვანში) აპოლონიური ნათლის, სიმაღლის გარეშე. სამაგიეროდ, ამ ვაკუუმის ხარჯზე ნახევარსაუკუნეგადაცილებული შემოქმედის ქმნილებებში იგრძნობა ბუნებრივი, თავისთავადი დინამიურობა, ხოლო ლირიკაში უფრო და უფრო მატულობს შინაგანი მუსიკალურობა, რაც უკვე სწორი გეზია და რასაც უცილოდ საინტერესო დადგენამდე მივყავართ. ამ ტიპის ლექსებია "ჩემი მამიდა", "ვოი, ნანა", "ღვინობისთვე", "შვიდი საყვირი", "ვთხოვ მაცხოვარს", "შემოჰკრეს ზარი" და სხვა. აი, ერთ-ერთი მათგანიც:

"მე დავიბადე ღვინობისთვეს, ტრფიალი ღვინის,
მხიბლავს, როდესაც პირმცინარე ვაზი მიღიმის.
ღვინო სითხეა ღვთაებრივი, სისხლი მაცხოვრის,
ვსვამ სადღეგრძელოს ძმობისა და კაცურ-კაცობის.
უფალს ვთხოვ მხოლოდ, პური მომცეს ჩემი არსობის,
შორს, ფუფუნებავ, სათავე ხარ არარაობის.

ვის რას ვუშავებ, თუ ფაცხის სითბო მირჩევნია სითბოს ქარვასლის
და იავნანის ჰანგებზე გაზრდილს
მინდა, მესხუროს უკვდავების ცრემლები ვაზის.
ვიყო ტყვექმნილი ღვინისა და ქალის სინაზის,
მოძმე ბახუსის,
ძუძუ, რომელსაც უწოვია თურმე ავაზის.

ღვინო სითხეა ღვთაებრივი, სისხლი მაცხოვრის,
ამიტომ შევსვამ სადღეგრძელოს ძმობისა და კაცურ-კაცობის".
("ღვინობისთვე")

... ასწლეულების შემდეგაც კი მშვიდობა დამალულია კავკასიისაგან. მოსვენება აქვს დაკარგული დედამიწის ამ უმშვენიერესი და უიდუმალესი კუთხის თაურ მოდგმას. უხსოვარი დროიდან სისხლის ღვარი სდის ორზღვასშუამოქცეულ სამოთხეს, მაგრამ მედგრად იბრძვის მომავლისათვის თარგამოსიანთა სახლი, რადგან საჭირო დრომდე მიღწევაშია ჩვენი მოწოდება, ჩვენი მოვალეობა. გუშინ ქართველი ერი იქნევდა ხმალს კავკასიური მზის უკვდავებისათვის, დღეს კი-მოძმე ვაინახი ერი. შედეგი ერთია: ჯერხნობით მსხვერპლი, მაგრამ მსხვერპლი ხსნისათვის, გაბრწყინებისათვის:

"ნიკოფსიიდან
გლოვის ზარია
დარუბანდამდე,
გეორგიანნი
ვლიან გოლგოთით
მერეთმოსვლამდე".
("ო. ოდაბადევ")

იარებისაგან დასუსტებულია გეორგიანელთა სამკვიდრო; აფხაზეთია ასეთი იარა, სამაჩაბლოა ასეთი იარა და ყველა ეს ჭრილობა უვერაგესი ფორმით მოგვაყენეს ჩვენ, ქრისტიანებს:

"ვარ გაყიდული კოლხი,
ოდაც წამართვეს, ქოხიც,
ზღვაც წამართვეს და მიწაც,
ღმერთო, მებრძოდნენ ჯვრითაც!..."
("ღმერთო, მებრძოდნენ ჯვრითაც")

ყოველივე ამის შემდეგ, განა შერჩება მტერს თავისი ნამოქმედარი? განა, არ მოაწია ჟამმა? სად წაუვლენ განკითხვის სიმძიმეს, რომელიც აუტანელ ტანჯვად ექცევათ (ყოველივე ეს ბოროტების დახშულ რაობაზე მეტყველებს)? ვალერიან ვეკუას ასეთი პასუხი აქვს:

"ჰოი ნანა და ლილე,
საუკუნეებს ილევს,
დღეს დუმს სვანური კოშკი,
დუმს ოპიზა და ოშკი.

ვეღარ გატეხენ თეთნულდს,
ვეღარ მოდრეკენ უშბას,
წარბი შეუკრავთ კუშტად,
უნდათ ბევრის თქმა, უნდათ..."
("ჰოი ნანა და ლილე")

აქვეა შესანიშნავი შინაარსის კომპოზიცია, რომელშიც ფოკუსისებურად იყრის თავს ჩვენი მოდგმის დიდების ჭეშმარიტი, დაფარული მატიანე:

"ჯვრითა და სანთლით,
უტას საჭრეთლით
და სვეტიცხოვლით,
"ვეფხისტყაოსნით",
კაბადოკიით,
ანტიოქიით
და გინდაც რვალით,
წმინდა გრაალით,
მაცხოვრის ხვედრით,
ჯვარცმით, აღდგომით
მოვალთ გოლგოთით,
უფლის წყალობით
და ქართვლის დედით
უკუნისამდე უკუნისით
კიდევაც ვივლით!"
("კიდევაც ვივლით")

მოველოდეთ აღდგომასა მკვდრეთით...
უფალი იყოს ჩვენი შემწე.
გვფარავდეს ღმერთი!
ამენ!


კონსტანტინე ვეკუა
ქ. თბილისი. გეორგია

mercoledì 28 maggio 2008

ზვიადი

ედაზენიდან დარეკავს ზარი,
ალმოხდილს დაგლოცს მეფე თამარი...
ბრძვი ცხებული, რომ ხარ ნეტარი,
მბოხებული ერის მხედარი...
ევებს შეები მხნედ, უშიშარი,
ტვირთე, დაგაქვს, მამულის ჯვარი...
ელათს შემოკრბა დავითის ჯარი,
ლავერდს უკრავს მაცხოვრის ქნარი...
ესიას ელის წმინდა ლაშარი,
ამების ძალი ერთარსი არი...
ღარ ჩამქრალა ჯერაც ლამპარი,
ანძთა და ბანა, დიდი კლდეკარი...
ტეხი, ვითარც გიორგის ფარი,
იონს გასძახის მცხეთიდან მტკვარი...
არუბანდს მივა ქრისტეს ლაშქარი,
სმის ოსანა, შემოვკრათ ზარი...
ჰა, განიხვნა ცაზე ზეკარი.

ნიკოფსიაზე დავდოთ საზღვარი...

მკათათვის 16, 2007
ქ. თბილისი.

მამული

* მამულის თვალი ყველგან მოგწვდება.

* მამულის გული ერია და ამიტომაც მტრის სამიზნე გულია უფრო.

* მამულს რაც უფრო მოეფერები, მისგანაც მეტი სითბო მოგეფინება უთუოდ.

* მამულის სიდიადეს სიყვარული ასაზრდოებს.

* მამულს სახელს მამულიშვილები უხვეჭენ.

* მამულისთვის წვა სასუფევლს გაგინათებს.

* მამულს ჩაეხუტე და ჩაგიხუტებს.

* მამული ერის სიმტკიცითაა მტკიცე.

* მამულის თავისუფლება ერის თავისუფლებაა.

* მამულის სიმდიდრე ერისაგან გაფრთხილებას მოითხოვს.

* მამულის სიამაყე მამულიშვილთა სახელია.

* მამულის ძილი ერის მიძინებიდან იწყება.

* მამული საფრთხეშია, თუ ერი მიძინებულია.

* მამულს გარჯა ამშვენებს.

* მამულს მზრუნველობა წამალივით უხდება.

* მამული მამულიშვილის მზე და მთვარეა.

* მამული მამულიშვილით ხარობს.

* მამული საუნჯეა, რომელიც მამულიშვილთა მზრუნველობას საჭიროებს დღენიადაგ.

* მამულიასთვის მამულიშვილები იხარჯებიან მხოლოდ.

* მამულის შენება მამულიშვილთა ვალია.

* მამულის ძუძუნაწოვია მამულიშვილი.

* მამულის ბედით თამაში დანაშაულია.

* მამულს მოთქმით ვერ გადაარჩენ.

* მამულისათვის სიკვდილი თვით სიკვდილს ამარცხებს.

· მამულის სიყვარულით გული მუდამ ჩირაღდანივით უნდა იყოს ანთებული.

* მამულის დასაცავად მამულიშვილთა ხმლები მუდამ შემართულია და დაუნდობელი.

* მამულს რომ უმღერო, მამულის სიყვარულით უნდა გიძგერდეს გული.

* მამულს უბედურება თავისთავად არ ატყდება.

* მამულის ბედი ხშირად ყოფილა სასწორზე შეგდებული ავანტიურისტთა ძალისხმევით.

* მამული თვალისჩინია.

* მამულზე ლოცვას უფალი უგდებს ყურს.

* მამულის ხმა ღმერთს ეყურება.

* მამულის ქომაგს თვალი ორბისა, ხოლო მუხლები მგლისა უნდა ჰქონდეს.

* მამულში ირწევა მამულიშვილის აკვანი.

* მამულის ძახილზე ფეხზე უნდა დადგეს ერი და ბერი.

* მამულს ზღუდეები მტკიცედ უნდა ჰქონდეს გარშემორტყმული.

* მამულზე მაღლა ღმერთია მხოლოდ.

* მამულს ღმერთი მიუჩენს ერს.

* მამული უფლისგანაა ნაკურთხი.

* მამული ვექილს არ საჭიროებს; მის სიმართლეზე ღმერთი ღაღადებს.

* მამული მამულიშვილს უხსნის გულისკარს.

* მამულის ნდობა ტვირთია, მთელი სიცოცხლე საპატიოდ სატარებელი.

* მამული და ერი განუყოფელია.

* მამულის ბედნიერება ერის ბედნიერებაა.

* მამულს თუ უჭირს, ერი ვერ იქნება დალხენილი.

* მამულს არ ირჩევენ; იგი ერის სამარადჟამო სამკვიდროა.

* მამულში ზარია, როცა ერში ბზარია.

* მამულის სამსახური საღვთო საქმეა.

* მამულის შუქი მამულიშვილს გზას უნათებს მწვერვალების დასაპყრობად.

* მამულის სამსახურისთვის გასამრჯელოს არ ითხოვენ; .

* მამულის სამსახურისთვის მამულიშვილს დამსახურების უკვდავსაყოფად თაობები ხსოვნით უხდიან.

* მამულის უმაღლესი ჯილდო მამულიშვილისადმი უკვდავებაა.

* მამულის სიყვარული ამაღლებაა.

* მამული ანდამატივით მიმზიდველია.

* მამული ნოსტალგიის უშრეტი წყაროა.

* მამულის იყავ ქომაგი, შვილს წინ დაგხვდება ორმაგი.

* მამულის მარცხით იწყება ერის უბედურება.

* მამული რაინდთა სამჭედლოა.

* მამულს ვერ დააჩოქებენ, თუკი ერი ჰყავს უდრეკი.

* მამულმა გაიხარაო, მტერს თვალი დაეთხარაო.

* მამულმა გაიხარაო, ბოროტს და ავის მოსურნეს საფლავი გაეთხარაო.

* მამულის უკვდავება ენასა და სარწმუნოებაშია.

* მამულის მკერდზე წერია, არ გაახარო მტერია.

* მამულმა გაიხარაო, მტერმა ცრემლები ღვარაო.

* მამულის კერა ჩაუქრობელია.

* მამული ჩონგურია, რომლის სიმები ერის გულში გადის.

* მამულს ამკობენ გმირები, მისთვის თავგანაწირები.

* მამულის დესპანი ვერ იქნება იგი, ვისაც მამულის სიყვარულით არ უძგერს გული.

* მამული, უფლის ნებით, უზენაესი მსაჯულია.

* მამული ხიდია სასუფევლამდე.

* მამულს, თუ ერთი თაობა ბურჯს გაუმტკიცებს, მაშინ თაობები ამ ბურჯზე აუღებელ ციხე-სიმაგრეს ააგებენ.

* მამულის უღელი ერთდროულად მძიმეცაა და ტკბილიც.

* მამულის სამსახურისთვის მადლობას ერი გადაგიხდის.

* მამულის ფარია მამულიშვილი.

* მამულზე მგზნებარე გულითა და ტბილი ხელებითაა საზრუნავი.

* მამულის კარიბჭის გასაღები საიმედო ხელს უნდა ეჭიროს.

* მამულის კერა ერს ათბობს.

* მამულის დარაჯი ერის რჩეული უნდა იყოს.

* მამულის კვნესა დედის კვნესაა.

* მამულს მონური სულით ვერ უპატრონებ.

* მამული აღგამაღლებს, თუ სამამულოდ გაირჯები.

* მამულს ტვირთს მამულიშვილი უმსუბუქებს.

* მამულის ბურჯი ერის ბურჯიცაა.

* მამული ეის მასაზრდოებელია, ხოლო ერი კი-მამულის უკვდავმყოფელი.

* მამულს ერი უხანგრძლივებს სიცოცხლეს.

* მამული არ აქვს მანქურთს.

* მამული ხატია, რომლის სადიდებლად მუხლმოხდრეკით ლოცულობს ერი.

* მამულში, როგორც ოჯახში, მასპინძელმა სტუმრად არ უნდა გაიხადო თავი.

* მამულში მტერსაც და მოყვარესაც დამსახურებისამებრ ერი მიუჩენს ადგილს.

* მამულს ხშირი სტუმრიანობა უფრო დააქცევს, ვიდრე ააშენებს.

* მამულის ხმა ცხრა მთის იქითაც მოგწვდება.

* მამულში გაჩენილი ხანძარი შენც მოგწვდება, დროზე ჩასაქრობად თუ არ გაისარჯე.

* მამული მზეა და ერს ახარებს.

* მამული ალიონია, რომლის ნათელსაც მიელტვის ერი.

* მამულის იმედი ერია.

* მამული თუ ტყვეობაშია, ბორკილები ერის სატარებელია.

* მამულში ლოდიც მშობლიურია.

* მამულის კეთილდღეობა ერთბაშად არ მიიღწევა; ამ საქმეს ერი ემსახურება და თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც წინაპართა წინაშე უპირობოდ გადასახდელი ვალი.

* მამული გულს აგინთებს, ანთებული გული კი გზასავალს გაგინათებს.

* მამული მწვერვალია, რომლის დაპყრობა თითოეულ მამულიშვილს მოეთხოვება, მიუხედავად მოსალოდნელი მსხვერპლისა, რაც მიზნის მიღწევას შეიძლება მოჰყვეს.

* მამული წუთისოფლადაა სულის სავანე, ზეცაში კი-ცათა სასუფეველი.

* მამულისგან დაშორება უკურნებელი იარაა.

* მამულის კვნესა ტირანს არ ესმის მხოლოდ.

* მამულის სიტყვა გადამჭრელია და არავის ეპატიება მისი ჩახშობა.

* მამული თუ სისხლისაგან იცლება, ერი მუხლმაგარი ვერ იქნება.

* მამულის ცეცხლი მამულიშვილის გულში ანთია.

* მამული არ დაიჩოქებს, თუ ერმა არ დაიჩოქა.

* მამულის წაქცევამდე ერია დაქცეული.

* მამულს ერთი გზა აქვს მხოლოდ, რომელიც ქვეყანას შემოგატარებს, მაგრამ ისევ მამულში დაგაბრუნებს საბოლოოდ.

* მამული ის ზარდახშაა, რომელიც შენაძენს საიმედოდ შეგინახავს.

* მამული თუ ტაძრად არ იგულე, ტაძრამდე ვერასოდეს მიხვალ.

* მამული ენითა და სარწმუნოებითაა მადლმოსილი.

* მამულის წინაშე ვალმოდხილის გზა უფლისაკენ მიდის.

მომაგონდები

ცისარტყელა რომ ცის კაბადონს გადაეკვრება
და გათენდება დღე ნათელი ჯვართამაღლების,
გზას სიონისკენ დაადგებიან მომლოცველები,
კუკური, ძმაო, იცოდე, რომ მომაგონდები...

ნაპირს როდესაც ზღვის ტალღები შეეხეთქება,
ალია ველად შეუპოვრად რომ გაიჭრება,
ან "მთიულური" გარმონზე თუ აბობოქრდება,
ჩემი კუკური მაშინათვე მომაგონდება...

შამპანურები ფუჟერზე თუ გადმოიღვრება,
როცა გიტარას დააწყდება ეშხით სიმები,
ან მოცეკვავე წრეში მყისვე გადაიჭრება-
იქ უსათუოდ მე კუკური მომაგონდება...

ვეღარ გაცილებ, ნათელ შუბლზე ვერ გეფერები,
ვერ დაგასხურე საბოლოო ძმური ცრემლები,
ჩვენი შეხვედრა იმ ქვეყნად ხომ მაინც შედგება,
აქ კი ბევრი რამ, ჩემო ძმაო, მომაგონდება

დევნილ კოლხს, ვინძლო, ამიხდება წლების ოცნება,
ოდაბადეში მეღირსება კვლავ დაბრუნება,
დედის მაგიერ ნიავი რომ მომეფერება,
იქ უსათუოდ მე კუკური მომაგონდება...

ცისარტყელა რომ ცის კაბადონს გადაეკვრება
და გათენდება დღე ნათელი ჯვართამაღლების,
გზას სიონისკენ დაადგებიან მომლოცველები,
კუკური, ძმაო, იცოდე, რომ მომაგონდები...

ვალერიან ვეკუა

ჩვენი საფიცარი

სისხლისმსმელი არ გეშვება მხეცი,
კვლავ ჩხრიალებს ოცდაათი ვერცხლი...
გოლგოთაზე აღუმართავთ ჯვარი,
კაცთა ცოდვას ეწირება კრავი...

ფარისეველთ აღარ აქვთ ჯავრი,
რომ მამულში დგას პილატეს ჯარი...
ძევ კაცისავ, გელით, მოგვისწარი...
ტყვექმნილია ჩვენი საფიცარი...

ვ.ვეკუა

ჯიმა, გელუქი

მარგალ ვორექი, გურ მაფ ხალირი,

ჩქიმ ჯიმა ლაზი მაფუქ ხვამილი,

ორაგადე მაფუ ბრელი,

ართი ბაბაში ვორეთი ბერი...

ეშმაკი პუნა ჟირხოლოს ნტერი,

თეურე მოურსი ფური ირფელი,

ჩქინი ნანინა სარკო ენწყილი,

ორაგადეთ რე ჰამო მენწყილი...

ღორონსი ფთხულე, გევორძ სანთელი,

ქომუჩან რინა ანწი ნთელი,

ჯიმა გელუქი, კარი გუვონჯი,

განათებული მოურსი ბორჯი...

ვალერიან ვეკუა

ჯუმა, გიყონდეფ!

მარგალი ვორე, გურიხალერი,

ჩქიმ ჯუმა, ლაზი, პანდა ხვამერი,

დიდო მიღუნ ოღარღალე,

არ ბაბაში ვორეთ ბერე...

ჟურისთი არ მიყონუნან მტერი,

ექოლე მულუნ პატობა მთელი,

ჩქინი ნანინა მოწოფხერი,

ლოყა ორენ, დომსქვანერი...

ღორმოთის ვაკვან, ლუქუნა გზერი,

ქომომჩან აწ სქიდალა ხელერი,

ჯუმა, გიყონდეფ, ნეკნა გოგინწკი,

ქომულუნ ორა მსქვა დო თანერი...

ვალერიან ვეკუა

(თარგმანი ირაკლი გოგატიშვილისა)

დაბადება

დაბადებას წინ უძღოდა ვარსკვლავი...
ღვთისმშობელმა შემოჰხვია ყრმას მკლავი...
ბეთლემს იშვა სიკეთით გზის მკვალავი...
ძე-უფალი, საიდუმლოს მმალავი...

ვალერიან ვეკუა

მერამდენედ დაიფლითა

გარბის წლები, სიყვარული
თურმე როგორ დაიცრიცა...
გული წვაში უმოწყალოდ
მერამდენედ დაიფლითა.

ჟამთა სრბოლას ვინ შებოჭავს
ან ჯაჭვით და ან კირქვითა?
აწმყოს აზრი არ ექნება,
თუ არ კვებე წარსულითა...

ვალერიან ვეკუა

ქ. თბილისი
02.09.2005 წელი

მერამდენედ დაიფლითა

გარბის წლები, სიყვარული
თურმე როგორ დაიცრიცა...
გული წვაში უმოწყალოდ
მერამდენედ დაიფლითა.

ჟამთა სრბოლას ვინ შებოჭავს
ან ჯაჭვით და ან კირქვითა?
აწმყოს აზრი არ ექნება,
თუ არ კვებე წარსულითა...

ვალერიან ვეკუა

ქ. თბილისი
02.09.2005 წელი

სპექტაკლი

დაეშვა ფარდა,
დადგმა დამთავდა,
დაცარიელდა
ლოჟა, პარტერი...
სპექტაკლზე იყო
ყვავილი ბევრი,
მქუხარე ტაში,
''ბრავო''-ულევი.
მერე ადგა და
ყველა წავიდა,
სიჩუმე დარჩა
არაფრის მთქმელი.

ვ.ვეკუა
11.02.06

ლექსში გაცოცხლო

კარს, ან ფანჯარას
ღიად დავტოვებ,
სულის მოსვლა რომ ვიგრძნო...
იქეთა მხარე
ხომ მოიარე,
დაგიგვიანდეს ვინძლო...
უნდა გეძებო
ტირიფში, ვერხვში,
ან ჩაფიქრებულ ვარდში შეგიცნო,
იქნებ მირჩიო,
რა გზას დავადგე,
და უშენობას როგორ გავუძლო...
მაცხოვარს შევთხოვ,
მომცეს უნარი,
რომ დედაჩემო, ლექსში გაცოცხლო.

ვ. ვეკუა
ქ. თბილისი
მოწამეთა-კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღე
28.07.2005 წ.

დედას

დასრულდა კიდევ ერთი სიცოცხლე,
უცილოდ სადღაც იშვა ახალი...
ამ ქვეყნად ხორცმა იგვემა ბევრი...
საჭეთმპყრობელი არის უფალი!...

კვლავაც გაისმის ბორბლის ჭრიალი,
აღმართი რჩება ძნელად სავალი...
თვითეულს მიაქვს თავისი ვალი...
საჭეთმპყრობელი არის უფალი!..

ცრემლი, გოდება, ამაოება
და უსასრულო ეს გზასავალი...
დროა ჯალათი, სწრაფადმავალი...
საჭეთმპყრობელი არის უფალი!...

ყველას თავისი გვაქვს საუკუნე,
თან უკუნითი უკუნისამდე...
მოვა სიკვდილიც გარდაუვალი...
საჭეთმპყრობელი არის უფალი!...

გალიე გზა და დატოვე კვალი,
თესე სიკეთე, იყავ ალალი...
სანთელ-საკმეველს აქვს დიდი ძალი...
საჭეთმპყრობელი არის უფალი!...

ვ. ვეკუა
ქ. თბილისი
06.07.2005 წ.

გამოსათხოვარი დედასთან

ოჯახს ედექი მოამაგედ, ბურჯად და ფარად,
ირგვლივ ამიტომ ყოველივე რარიგ გიყვარდა...
მარადისობას შეუერთდი ასე ანაზდად,
სიკვდილს სიცოცხლე შეერკინა-მყიფედ გადატყდა...

იყავ მოშიში მაცხოვრისა და მადლი გწამდა,
შუბლზე ნათელი გეფინა და ღმერთი გფარავდა...
გულში დარჩები ჩაკირული, ცოცხალი მარად,
ხსოვნა იქნება უწმინდესი ჩემს თანამგზავრად...

ვ. ვეკუა
ქ. თბილისი
14.07.2005 წ.

ქაჯეთ ოკო გოტახანი

ნესტან რე აფხაზეთ-ტარიელიშ ყოროფილი,
მაყალეშ უძირაფ გილურს გური გოსოფილი,
ყილო კიდირს ოხუტოლ, ხეშა აფუ სხუპაფილი,
ავთანდილიშ ნაგორათ ქაჯეფს ყოფ ყონაფილი.

ფრიდონ ჯარს შაყარანს, ქაჯეთ ოკო გოტახანი,
ტარიელი მიშერჩხუდ ჩილამურს თეზმა ხანი,
დინაფილ მიოჩქუდ ბჟა დო თუთა დარეჯანი,
მეურს დო მიგურგინ, ქაჯეფ ღურუს ელუდანი.

ვ. ვეკუა

ქ. ქართი
15.11.05