martedì 2 dicembre 2008

უნდა გავუძლო

"არაფერი ისე ძნელი გამოსაცნობი არაა, როგორც ცხენი, თუთუნი და ქალი"... (კონსტანტინე გამსახურდია-"მთვარის მოტაცება")

უტყვად მორჩილმა სამსხვერპლოზე გული დაგიდე,
უკუნ ღამეებს შევერკინე, ლექსით გადიდე,
უკვდავსაყოფად ხელთუქმნელი ხატი აგიგე,
უკან არა გთხოვ, შენ გეკუთვნის, რად ვერ გაიგე?!
უნდა გავუძლო მოძღვავებულ ფიქრთა ქარიშხალს,
უნდა გავუძლო განშორებას, გულს რომ მიხალავს,
უნდა გავუძლო მონატრებას, წყურვილით რომ მკლავს,
უნდა გავუძლო, ვიცი, გიხილავ კვლავ ჩემს ამორძალს...
უდაბნოდ იქცა ოაზისი, არ მინდობს ხვატი,
უდარდელია და ორპირი ზოზინა მარტი,
უფლის წყალობა დიადია, ულევი-მადლი,
უკუნს გაარღვევს აპრილი და იხარებს ვარდი...
უნდა გავუძლო მოძღვავებულ ფიქრთა ქარიშხალს,
უნდა გავუძლო განშორებას, გულს რომ მიხალავს,
უნდა გავუძლო მონატრებას, წყურვილით რომ მკლავს,
უნდა გავუძლო, ვიცი, გიხილავ კვლავ ჩემს ამორძალს...

ვალერიან ვეკუა
16.07.08

"მე მოგიკვდი"

ღმერთო ჩემო, რა შევცოდე,
რომ არ გინელდება ბრაზი?!
მითხარ, მითხარ, რომ ვიცოდე,
გადაესვა გრძნობებს ხაზი?!...

გზაზე ვდგავარ, დღეებს ვითვლი,
ნუთუ, ფუჭად ნათესს ვმკიდი,
ანდა იმას ვეღარ მივხვდი,
რას ნიშნავდა "მე მოგიკვდი".

მითხარ, მითხარ, რომ ვიცოდე,
გადაესვა გრძნობებს ხაზი?!
ღმერთო ჩემო, რა შევცოდე,
რომ არ გინელდება ბრაზი?..

ვალერიან ვეკუა
31.05.08

გვერდით მიგულე

იყო ჯვარცმა და ჩვენი ტაძარი,
რომ დავიწერეთ მე და შენ ჯვარი,
ზეცა განიხვნა, რომ მიჩურჩულე
ალალად აღთქმა-"გვერდით მიგულე"...

ხომ იყო ჯვარცმა, იყო ტაძარი,
მოგვაცილებდა ტაძრიდან ქარი,
ნუთუ ქარს გაჰყვა, რომ მიჩურჩულე
აღთქმა ალალი-"გვერდით მიგულე"?..

აღარ ჩაქრება წმინდა ლამპარი..
ტაძარში ისევ დარეკეს ზარი,
ახლაც ჩამესმის, რომ მიჩურჩულე
ალალად აღთქმა-"გვერდით მიგულე"...

ვალერიან ვეკუა
13.04.08

ეს რა წყურვილია

ღამის დუმილია..
ფიქრთან ჭიდილია..
ეს რა წყურვილია?!
ნახვის სურვილია...

ღამე რომ გრძელია,
სინათლის მტერია...
აღარც ბოდლერია,
აღარც გრანელია...

ღამის დუმილია,
ფიქრთან ჭიდილია,
ეს რა წყურვილია?!
ნახვის სურვილია...

ვალერიან ვეკუა
25.04.08

კიდევ ვიტყვი

ვიტყვი, ვიტყვი, უფლის ნებით,
კიდევ ვიტყვი სადღეგრძელოს...
იბერიის გაბრწყინების,
ერთიანი საქართველოს...

ვლოცავ ყველას, ვინც ბოლომდე
უერთგულა უფლის რჩევას...
ვინც კი ტაში არ დაუკრა
უნამუსოდ ქვეყნის ნგრევას...

ყველა იმათ, სიყვარულით
ვინც იწვოდა მოძმის მიმართ...
ვინაც თვალი გაუსწორა,
არ დახარბდა ოქროს რიალს...
ვინც სული არ ანაცვალა
ოცდაათი ვერცხლის ჩხრიალს...

ვიტყვი, ვიტყვი, უფლის ნებით
კიდევ ვიტყვი სადღეგრძელოს..
გაუმარჯოს ერის ნებას,
გაუმარჯოს საქართველოს.

ვ. ვეკუა
29.07.07

კალიმა და მაგადანი

კალიმა და მაგადანი,
პოლარული ღამე,
შორეული მოვლილი გაქვს
და ციმბირის მხარე...

შენი წილი ვაჟკაცობა
მკერდით რომ ატარე,
მგლისმუხლება იროდი ხარ,
ხომ არ დაიღალე?!

წუთისოფლად კარგიც ნახე,
უფრო მეტი-მწარე,
ხორცზე სული არ გაცვალე,
კაცობას ეწამე...

ჯერ ფარ-ხმალი არ დაყარო,
კვლავაც მხნედ იარე,
აღარა ხარ მარტოსული,
ჩვენ შევხვდებით მალე...

შემოვძახოთ ჩვენებურად
დარდიანი რამე,
წარსულები მოვიგონოთ,
ხმაში გენაცვალე...

გენო, გიზო, კუკურიზე
ბევრი ცრემლი ვღვარე,
მოსაგონრად წავუქციოთ
ჩვენც "მანავის მწვანე"...

კალიმა და მაგადანი,
პოლარული ღამე,
შორეული მოვლილი გაქვს
და ციმბირის მხარე...

ვ. ვეკუა
07.07.07

ვიცი, დედა

ვიცი, დედა, შენ რომ ჩემი ნახვა გწადდა სიკვდილის წინ,
ალბათ, იმის თქმა გინდოდა, რაც არ გითქვამს ჩემთვის უწინ...
სანამ ბინდი გადაგეკრა, რომ დამიწყე თვალით ძებნა,
მერამდენედ ჩაირბინეს იქნებ თვალწინ ყრმობის წლებმა.
ნანინა და დედის ლოცვა შვილის გულზე იწერება,
ეს ცხოვრება, ერთი ციდა, საუკუნოდ იწელება...
გაჩენილი წუთისოფლად, აქ არავინ აღარ რჩება...
მაინც მიდის უსასრულოდ და უაზროდ ფაცი-ფუცი...
ქვეყანაზე არ ილევა როგორც კარგი, ისე ცუდი..
საწუთროში სტუმრად მყოფი, იქ შეხვედრას ჯერ აქ ვუცდი.

ვ. ვეკუა
01.07.07

სპექტაკლი

დაეშვა ფარდა,
დადგმა დამთავრდა...
დაცარიელდა კვლავაც პარტერი...
სპექტაკლზე იყო ყვავილი ბევრი,
მქუხარე ტაში, "ბრავო"-ულევი...
მერე ადგა და
ყველა წავიდა...
სიჩუმე დადგა
არაფრის მთქმელი...

ვ. ვეკუა
11.02.06

გოლგოთის მგზავრი

"მაშინ პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის დაკმაყოფილება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა, რათა ჯვარცმულიყო".

მარკოზი 15,15. მათ 27,26. იოვანე 19,17

ხარხარებს ხალხი,
არის ხორხოცი...
ყრმას დაფლეთია
ბეჭებზე ხორცი...
გა გაჭიმულა,
მძიმეა ჯვარი...
წელში მოხრილა
გოლგოთის მგზავრი....
ეკლის გვირგვინი,
წინა აქვს ჯვარცმა...
იუდამ ვერცხლზე
მოყვასი გასცა...
ბარაბა ასცდა
პილატეს მსჯავრსა..
უგუნურება
ახარებს ხალხსა...
"აღარ უწყიან
იქმნიან რასა"..
ცრემლი მოაწვა
გოლგოთის მგზავრსა...

ვ. ვეკუა
06.09.04

lunedì 1 dicembre 2008

1993 წლის 27 სექტემბერი

ვუძღვნი ლორიკ ბოკუჩავას ხსოვნას

სამასი მეომრით გარბის გენერალი,
ჩექმებზე ამძვრალა ნალი...
რჩებიან უმწეოდ ქალები ბავშვებით,
ვაი, ამათი ბრალი...

ცრემლი გზას იპოვის, იპოვის უთუოდ,
უმანკო, დაღვრილი მწარედ...
ავის მომლოდინე დუმდა ქვეყანა,
მზე აცხუნებდა ცხარედ...

პატრონმა ვერ შესძლო ძაღლის წაყვანა,
დატოვა წუხილით, ურვით...
ძაღლი კი ყოფილა საოცრად ერთგული,
გემს დაედევნა ცურვით...

კაცი კაცს ჭამდა, იყო ღალატი
და ჩასაფრება გზაში...
შავი მოზვერი არ ჭამდა ვენახს,
თუმცა, ის იდგა ზვარში...

სამასი მეომრით გარბის გენერალი,
ჩექმებზე ამძვრალა ნალი...
ცოდვამაც უწია, ცოდვამაც უწია,
ჰქონდა მოყვასის ვალი...

ვალერიან ვეკუა
31.03.2004

რატომ?!

გულზე დაღი ვერ წაშალეს წლებმა და დრომ,
თითქოს ვიღაც მეკითხება: რატომ?! რატომ?!..
ვერაგობა გადაწყვიტე ნუთუ მარტომ?!
მომშხამა და გამაწამა მზაკვრის ჯადომ...

დაიფერფლა სიყვარული ნაფერები,
გულს ატყვია ბზარები და იარები,
ბოღმას მაინც ახლოს აღარ ვეკარები,
თუ დავთვერი, მადლიანი ღვინით ვთვრები..

არის, ვიცი, საიდუმლო რაღაც დიდი,
ზურგში დანით გაგიმეტებს მხოლოდ ფლიდი,
გვერდში მშვიდად მას ვერასდროს ჩავუვლიდი,
ვინ გაამხელს, თორემ მყისვე ნაგანს ვცდიდი.

გულზე დაღი ვერ წაშალეს წლებმა და დრომ,
თითქოს ვიღაც მეკითხება: რატომ?! რატომ?!..
ვერაგობა გადაწყვიტე ნუთუ მარტომ?!
მომშხამა და გამაწამა მზაკვრის ჯადომ...

ვალერიან ვეკუა
16.12.2003

მდუმარებს დრანდა

კოხტასგორაზე შემდგარა ცოტნე,
თვალს მიადევნებს დაღლილ ქვეყანას,
მამულის ხვედრის და ბედის მცოდნეს,
გულს ეფინება კოლხური ნანა...

მტრებს ერკინება, ბორგავს ენგური,
ფეთქავს ჯერ კიდევ კოლხეთის გული,
რა საიდუმლოს იტევს ტეხური?..
ოდიშის პირმშო, მისი ერთგული.

ჩაფიქრებულა, მდუმარებს დრანდა,
ილორს გაჰყურებს წმინდა ალერტი,
წილხვედრ მიწაზე კოლხი რომ გაჩნდა,
რაა კურთხევა ამაზე მეტი?...

ვ. ვეკუა
15.10.03

განიკურნება მალე ლუხუმი

ეკლის გვირგვინი, მჭვუნვარე სახე,
ჩემს გეორგიას დაუგეს მახე...
განიკურნება მალე ლუხუმი,
ფლობს საიდუმლოს დიდი ქურუმი...

ღვთისმშობლის მადლით, რომ გაგვინათა,
იყო ანდრია, სიმონ, მატათა,
მიქაელ გვიხსენ და გაგვახარე,
აღსდექ, ლაზარე! აღსდექ, ლაზარე!

შენ, კავკასიამ, ჩირაღდნად ენთე,
ლეწავს ბორკილებს უკვე პრომეთე...
უფალო, რწმენა ჩაგვიგვირისტე,
რომ ვერ დაჯდება აქ ანტიქრისტე...

დასაბამია ღვთისკაცი ნოე,
ვინც არის ანი, ისაა ჰოე..
მოდი, მიქაელ და გაგვახარე,
აღსდექ, ლაზარე! აღსდექ, ლაზარე!

ეკლის გვირგვინი, მჭვუნვარე სახე,
ჩემს გეორგიას დაუგეს მახე...
განიკურნება მალე ლუხუმი,
ფლობს საიდუმლოს დიდი ქურუმი...

ვ. ვეკუა
17.10.2002

მცხეთის ჯვარი

მცხეთის ჯვარი, მცხეთის ჯვარი,
ცაში რეკავს ქნარი,
უფალმა აქ ჩაახუტა
არაგვი და მტკვარი.
გამიტაცა ჯვარზე ფიქრმა,
საღამოა წყნარი...
მცხეთის ჯვარი, მცხეთის ჯვარი,
უფლის სახლი და საყდარი,
ცას ესწრაფვის, ღმერთს მიელტვის
ქვეყანაზე რწმენის ფარი.
ვერ ჩააქრეს, კვლავ ანთია
ჯვარში უფლის კელაპტარი.
მცხეთის ჯვარი, მცხეთის ჯვარი,
იბერია უკვდავია, გააბწყინებს ზენაარი.
რეკავს ზარი, რეკავს ზარი...
ეპოქაა საოცარი,
გზას გვინათებს ნინოს ჯვარი,
მცხეთის ჯვარი, მცხეთის ჯვარი.

ვ. ვეკუა
04.10.2002

ნიკალა

ნიკალა დღესაც დადის თბილისში,
აბანოთუბანს სწვევია ახლა,
ნარიყალაზე უთუოდ ავა,
იქიდან უნდა სიონს დანახვა...

კინტომ მეტეხთან გაშალა ბადე,
ვარდი ყვაოდა ისევ ვერაზე,
ამოიწვერა მზე დილით, ადრე,
რეკენ ზარები ელიას მთაზე...

ათინათებენ სხივები მტკვარზე,
ცრემლი სდით კლდეებს აქვე, აღმართზე...
ხმას მდინარისას ყურს უგდებს ტატო,
ესაუბრება მტკვარს მწირი, მარტო.

ლექსი მიუძღვნა მერანს, საყურეს,
იცლება ტივზე აზარფეშები...
ამოიწვერა მზე დილით, ადრე,
კინტომ გაშალა მეტეხთან ბადე...

ვ. ვეკუა
ქ. თბილისი
11.08.07

"ავაზამ ძუძუ აწოვა ბახუსს"

ნარცისებს, იებს და ყოჩივარდებს
აპრილში დავკრეფ, კვლავ შენ მოგიძღვნი,
ნუთუ გამხდარა ნუგეში ძვირი,
ასე იოლად რომ დაგავიწყდი?...

კვლავაც ინათებს აღმოსავლეთით,
ვარდებს დაცვარავს დილის ცრემლები,
ალალს თუ კვებავს მადლი იმედით,
რაა სიკეთე ამაზე მეტი?...

"ავაზამ ძუძუ აწოვა ბახუსს",
ცრემლით ვასველებ აწმყოს და წარსულს.
ხან ვჭირისუფლობ მე ქოსა გახუს,
ემხვარს დავსტირი, რაინდს, მარტოსულს...

ლანდებთან ლაციცს თუ გადავურჩი,
ისევ ინათებს აღმოსავლეთით,
ალალს აწოვებს ძუძუს იმედი,
რა არის მადლი ამაზე მეტი?..

ვ. ვეკუა
26.03.08