Visualizzazione post con etichetta ვალერიან ვეკუა. Mostra tutti i post
Visualizzazione post con etichetta ვალერიან ვეკუა. Mostra tutti i post

giovedì 29 maggio 2008

კვლავ გაისმის ოდოია (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

აფხაზეთში ტაროსია, თუ წვიმები დამდგარა,
მესეფენი* მოსულან და აქ ენგურთან დამდგარან,
თარაშ ემხვარს ესიზმრება არამხუტუ ვერეხი**,
დრო გაჩერდა, გაირინდა, ციდან მოდის მერეხი...

ამბებს ჰყვება ლუკაია, ძველებურს და დარდიანს,
ოდიშს მოვა, შევეგებოთ დევგმირ ცოტნე დადიანს.
ენგურს ებრძვის ემუხვარი, მთვარე მოუტაცნია,
კვლავ გაისმის ოდოია, ცაში აუტაცნიათ!...

*მესეფენი-ქვეწარმავალთა ღმერთები, ცხოვრობენ თურმე ზღვაში. კ. Gამსახურდიას “მთვარის მოტაცებიდან”
**ვერეხი-(მეგრ) გოლიათი

გეფიცებით, ძმობას (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ვუძღვნი კავკასიის გათავისუფლებისათვის
მებრძოლ ვაინახ ძმებს.

კავკასიის მთებში იბრძვის ვაინახი,
დაშანთული მკერდით, ბევრი ჭირნანახი,
აქვს ქორივით მზერა, ძმისთვის ღია გული,
გეფიცებით ძმობას, კოლხი გაყიდული...

ვედენო და დარგო არ მაქვს ჯერ ნანახი,
მტერმა იქ იპოვა მიწა დასამარხი,
მეც მიგულე შენთან, შენებრ მიცემს გული,
გეფიცები ძმობას, კოლხი გაყიდული.

კავკასიის მგელო, მტრის რისხვა ხარ, მეხი,
გაუჩინე მტარვალს დიდი თავსატეხი.
ტყუილია, ძმებო, რუსს არა აქვს რჯული!
გეფიცებით ძმობას, კოლხი გაყიდული.

კოლხეთი (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

კოლხეთი-ლეგენდა, მითი და ზღაპარი,
კოლხეთი-სამოთხე, ედემის ბაღნარი,
კოლხეთი-გელათი, ილორი ბიჭვინთა,
ტკბილი ნანინა და კელაპტარი...

კოლხეთი-აია და ოქროს საწმისი...
კოლხეთი-ტაძარი და დიდი ფაზისი,
კოლხეთი-ცოტნე და წმინდანი ამბროსი...
მყოფადი ნათელი, ნაშობი აწმყოსი.

კოლხეთი-ჭყონდიდი, ანკარა ტეხური.
კოლხეთი-ქუჯივით არს სიტყვა მეფური.
კოლხეთი-ანბანი ფარნავაზული,
კოლხო, მოდგმა ხარ იაფეტური.

კოლხეთი-ვეფხვივით ღრიალა ენგური,
კოლხეთი-როკვა და მკვნესარე ჩონგური,
კოლხეთი-მახვილი კავკასიური,
ღმერთების სავანე ოლიმპიური.

კოლხეთი-უტეხი, კლდე, ციტადელი.
კოლხეთი-მადლია და საკმეველი.
კოლხეთი-უმანკო, ვით თაფლის სანთელი.
შენი პირმშო ვარ და შენზედ მლოცველი.

მიკვირს (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

კაცი როცა სინდისს ჰყიდის,
რაღა უნდა მწამდეს მისი?
აღარ ვიცი, თანაც მიკვირს,
ის უკეთესს რას იყიდის?...

კაცი ვარ და მიტომ მიჭირს,
ვერ წამართმევს ვერვინ სინდისს,
არაკაცთა ნაჭამ სირცხვილს
მე ვარჩევდი კაცურ სიკვდილს.

წყვდიადზე განა ითქმის ნათელი?... (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

გამოეხვია ცხვრის ქურქში მგელი,
იყო ყვავი და გამხდარა მღვდელი,
აქ, ჩვენთან ვარქმევთ ყორანს მიმინოს,
ვისაც ყური აქვს, უნდა ისმინოს!

ცრუობს ფლიდი და ფარისეველი,
ჩემობს კრავობას ეგ მწვალებელი,
ახლა დემონი დევნის ანგელოზს,
ვისაც ყური აქვს, უნდა ისმინოს!

წყვდიადზე განა ითქმის ნათელი?
გვედრი, უფალო, იხსენ ქართველი.
მხოხავმა ცაში როგორ იფრინოს?
ვისაც ყური აქვს, უნდა ისმინოს.

ჰოი, ნანა (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ვუძღვნი აფხაზეთის შაოსან დედებს

ჰოი ნანა, დიდოუ ნანა,
ვოი ნანა, ვოი ნანა!
ტირის, მოსთქვამს კოლხი ნანა:
ეჰ, წაგვართვეს ჩვენი მიწა,
ჩვენი ზღვა და ჩვენი ზეცა,
გულრიფში და ჩემი დრანდა,
აქეთ გალი, იქით გაგრა,
მამლუქის ხვედრს მაზიარეს,
ოდაბადე მომენატრა!
ჰოი ნანა, ვოი ნანა,
ვოი ნანა, ვოი ნანა!
აფხაზეთის წმინდა მიწა
კოლხთა სისხლით გადაიწრყა,
შევუპყრივარ ნოსტალგიას,
მენატრება ჩემი რიწა,
ჰოი ნანა, დიდოუ ნანა,
ვოი, ნანა, ვოი ნანა!
ცოცხლად დასწვეს კოლხი ნანა,
მერამდენედ, ერთხელ განა?!
იწვის, იწვის კოლხის ოდა
და მის გვერდით კოხტა ფაცხა.
ჰოი ნანა, დიოდუ ნანა,
ვოი ნანა, ვოი ნანა!
ბოღმა ახრჩობს ხვიჩას, გოჩას,
კოლხი ცირა გოდებს, მოსთქვამს,
ვინღა გაძლევს ბრძოლის ნებას,
დაგახლიან ზურგში ტყვიას.
ჰოი ნანა, დიდოუ ნანა,
ვოი ნანა, ვოი ნანა!
მე სიცოცხლე რაღად მინდა,-
ვერ ვაკითხავ მამის საფლავს,
ვფიცავ, კოლხურ ნანას ვფიცავ,
მე ჩემს სოხუმს კვლავაც ვნახავ.
ჰოი ნანა, დიდოუ ნანა,
ვოი ნანა, ვოი ნანა!

მწყემსო კეთილო (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

მამულზე დარდმა მომიწყო ჯანყი,
არღვევს გრიგალი ფიქრების ტალღებს.
ამ ქარიშხალში მეზღვაურივით,
აღარ ვეშვები ცხოვრების საჭეს.

როგორ ვუყურო სისხლიან ხელებს?
ან კიდევ ამდენ ცრემლების ჩანჩქერს?!
ნესტანი დღესაც ტყვე არის ქაჯეთს,
დემონი ისევ, ისევ ხარხარებს.

აღარ მღერიან აქ იავნანას,
ცეცხლს უკიდებენ აკაკის აკვანს.
ვინ უმკურნალებს ფშაველას არწივს,
კავკასიონზე ამაყად გაზრდილს...

სადღაა სახე, ვუყურებ ნიღბებს,
კვლავ თაყვანს სცემენ კერპებს, ქიმერებს,
ღმერთო მაღალო, მწყემსო კეთილო,
შენ გადმოხვედე მაცხოვრის შვილებს!

ომის საყვირი (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

სანამდის მამულს ადევს ბორკილი,
იქნება ურვა, იქნება ჭირი,
მახვილით მოსულს ჩავცეთ მახვილი,
ავახმიანოთ ომის საყვირი!

განა იქცევა მოყვარედ მტერი?
სურთ გადაშენდეს კოლხი, იბერი...
იქნება ომი? გაჩნდება გმირი.
ავახმიანოთ ომის საყვირი!

მტერს როდის ჰქონდა სიტყვა, ან პირი?
დღეს ამას იტყვის მხოლოდ ბრმობილი.
მახვილით მოვა? მოკვდეს მახვილით,
ავახმიანოთ ომის საყვირი!

ლაბირინთები (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

საოცარია წუთისოფლის ლაბირინთები,
ფიქრობ ბოლომდე გასული ხარ, უკან ბრუნდები,
დღეს რუბიკონზე გადასულან არაკაცები,
მაშ რა გეწოდოს, არაკაცო, ორჯერ თუ კვდები...

საწუთრო ბრუნავს, აგური აგურს ისევ ეწყობა,
ბევრს არ აწუხებს, რომ არ ფასობს კაცურ-კაცობა,
მაწუხებს აზრი-ხსნა სადღაა, რა გაეწყობა?!
ღმერთო, მითხარი, სანამ გასტანს მუხანათობა?!

შენ ხარ ლაზარე (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

მკვდარი არა ხარ, შენ ხარ მძინარე,
აღსდგები მალე, როგორც ლაზარე,
იესოს ძმა ხარ, მისი მოყვარე,
ჩემო კოლხეთო, შენ ხარ ლაზარე!..

ღმერთმა ჩაგბერა ამბოხი სული,
არ დაფერფლილა მგზნებარე გული,
ხარ უფლის მიერ ნათელცხებული
და უკვდავება მინიჭებული...

კოლხეთის ზეცა, ტატნობი ლურჯი,
არა გვყავს ცოტნე, არა გვყავს ქუჯი
და მაინც იბრძვის თავგანწირული,
არ დაიჩოქებს კოლხეთი ურჩი...

ვინც ვინატრეთ (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

გოლგოთაზე აჰყავთ ქრისტე,
ხელებს იბანს პილატე,
ქრისტეს გზაზე უარი ვთქვით,
ბარაბას გზით ვიარეთ.

გოლგოთაზე აჰყავთ ქრისტე,
ხელებს იბანს პილატე,
მან ნათელი მოგვაფინა
ჩვენ კი ბნელში ვიარეთ...

გოლგოთაზე აჰყავთ ქრისტე,
ხელებს იბანს პილატე,
მან ცხებული მოგვივლინა,
ჩვენ ბარაბა ვინატრეთ.

გოლგოთაზე აჰყავთ ქრისტე,
ხელებს იბანს პილატე,
ღმერთმა მადლი მოგვაფრქვია,
ჩვენ იუდა ვიწამეთ.

გოლგოთაზე აჰყავთ ქრისტე,
ხელებს იბანს პილატე,
აგერ, აქ გვყავს, ვინც ვინატრეთ,
ბარაბაც და პილატეც.

შენზე ვლოცულობ ყოველ ცისმარე (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ღამეა, ნელა მიგორავს მთვარე,
ქვეყნიერება შემოვიარე...
აღარსად არის მეორე მთვარე,
აღარც მეორე სამშობლო მხარე...
დევნილის ხვედრი გავიზიარე,
ო, როგორ ძნელი და ერთობ მწარე...
ერთადერთი ხარ, მშობელო მხარე,
შენზე ვლოცულობ ყოველ ცისმარე...

რას ფიქრობს ურთა?.. (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

კოლხეთის ზეცა კამკამა, სუფთა,
დანისლულია, რას ფიქრობს ურთა?..
იქნებ ჩაესმის ლოცვა ქურუმთა
და ან ძახილი გმირ წინაპართა...
იქნებ ჩაესმის გუგუნი ზართა,
ბრძოლოს ყიჟინა კოლხ ამორძალთა...
იქნებ აწუხებს სიმუხთლე ჟამთა,
ან მწარე ხვედრი კოლხთა და ლაზთა...

მეფე გიორგი (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

მეფე გიორგი - უფლის მახვილი,
წმინდა გიორგი გამოსახული...
მეფე აფხაზთა, იბერთა, ლაზთა
დიდი რაინდი იმერ-ამერთა...

მაშინ აშენდა სვეტიცხოველი,
იქ ეჯახება მტკვარს ხომ არაგვი,
ჯერაც არს ერი ჯვარზე მლოცველი,
მართლა მოჰკვეთე შენ უტას მკლავი?!.

შენ უარყავი ბიზანტიონი,
არ იყავ მათი ცენტურიონი...
ო, უშიშარო, ვითარ უხორცო,
მე შენზე მინდა მუდამ ვილოცო...

ჰოი, მყინვარო! (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

მამა-პაპათა გვესმის ყიჟინი,
რეკენ ზარები, არის გუგუნი,
მრავალჟამიერ, კოლხეთს დიდება!
ისევ იქა დგას იბერიონი.

არც ჰიმალაი, აღარც ტიბეტი,
დადგება ჟამი, მალე დადგება,
თავისას იტყვის კავკასიონი.
ჰოი, მყივარო! შენ ხარ სპეტაკი,
ქრისტემ ჩაგაცვა თეთრი პერანგი.

ბორძალი (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

მოქუფრულია კოლხეთს ცარგვალი,
უძლეველია ვითომ მოსკალი?...
ილორს ვინ ჰკადრა ნაილორალი?!.
წმინდა გიორგის მოჰყავს ლაშქარი,
მტერს დაატყდება თავზე ბორძალი.

ნოსტალგია (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ადგილის დედა მიყიჟინებს, უკან მეძახის,
დაობლებული ოდაბადე გოდებს და ტირის...
მატყვია დაღი კოშმარული სიცარიელის,
მწარე გოდებით ვუერთდები ჩემს მიწის ყივილს.

მივყვები ბილიკს, დანისნულია თვალსაწიერი,
რისი ზეიმი? სიმფონია არის სიკვდილის,
ბავშვობის წლები გაიელვებს, წამისმიერი
და კოლხი კაცი ჩემს დაკარგულ კუთხეს მივტირი.

ნაციმბირალი ჩვენი პაპები (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ნაციმბირალი ჩვენი პაპები,
საფლავში ჩაჰყვა ბევრს ბორკილები,
დიდი ტაიგა, იქ ქართველები,
თეთრი დათვი და კალიმელები...

ზღვაზე დაფრენენ კვლავ თოლიები,
შენ კი დაგადგეს ბორკილ ხუნდები,
უნდა დაინგრეს ბასტილიები,
ტაგანკა იყოს, გინდ "ბუტირკები".

მუდამ იქნება ის თვითმპყრობელი
და მისი ძმა კი ტამბოვის მგელი.
ჯერ "ლუბიანკა", მერე "ცენტრალი",
ქართველო, გახდი თავისუფალი!

ჩემო ნანინა (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ჩემო ნანინა და ჩემო ჩელა.
ო, ჩემო ბათა, ვოდელა, დელა...
ო, საყვარელო და მათრობელა,
მოკაშკაშეო და თუთარჩელა.

ჩემო კოლხეთო, შენ ხარ ზღაპარი,
დღემდე მოსული, როგორც ლეგენდა.
მანათობელი, სულის ლამპარი,
სალოცავი ხარ წმიდათა წმინდა.

ცოდვა (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

დღეს ლუციფერი სადღეგრძელოს ამბობს ღალატის,
პირმოთნენი კი მლიქვნელობენ ზღვარს გადასულნი,
მათთვის უცხოა წინააღმდეგ ცურვა დინების,
სურთ უღმერთობა დაამკვიდრონ მარადიული.

იუდამ თავად აღიარა გაცემა უფლის,
მან ვერ მიიღო ნეტარება ოცდაათ ვერცხლის,
ისკარიოტელს აღარ შერჩა ბილწი ამბორი,
ასე უზნეოდ დაენგრევათ სოდომ-გომორი.