მამულზე დარდმა მომიწყო ჯანყი,
არღვევს გრიგალი ფიქრების ტალღებს.
ამ ქარიშხალში მეზღვაურივით,
აღარ ვეშვები ცხოვრების საჭეს.
როგორ ვუყურო სისხლიან ხელებს?
ან კიდევ ამდენ ცრემლების ჩანჩქერს?!
ნესტანი დღესაც ტყვე არის ქაჯეთს,
დემონი ისევ, ისევ ხარხარებს.
აღარ მღერიან აქ იავნანას,
ცეცხლს უკიდებენ აკაკის აკვანს.
ვინ უმკურნალებს ფშაველას არწივს,
კავკასიონზე ამაყად გაზრდილს...
სადღაა სახე, ვუყურებ ნიღბებს,
კვლავ თაყვანს სცემენ კერპებს, ქიმერებს,
ღმერთო მაღალო, მწყემსო კეთილო,
შენ გადმოხვედე მაცხოვრის შვილებს!
Nessun commento:
Posta un commento