ცისარტყელა რომ ცის კაბადონს გადაეკვრება
და გათენდება დღე ნათელი ჯვართამაღლების,
გზას სიონისკენ დაადგებიან მომლოცველები,
კუკური, ძმაო, იცოდე, რომ მომაგონდები...
ნაპირს როდესაც ზღვის ტალღები შეეხეთქება,
ალია ველად შეუპოვრად რომ გაიჭრება,
ან "მთიულური" გარმონზე თუ აბობოქრდება,
ჩემი კუკური მაშინათვე მომაგონდება...
შამპანურები ფუჟერზე თუ გადმოიღვრება,
როცა გიტარას დააწყდება ეშხით სიმები,
ან მოცეკვავე წრეში მყისვე გადაიჭრება-
იქ უსათუოდ მე კუკური მომაგონდება...
ვეღარ გაცილებ, ნათელ შუბლზე ვერ გეფერები,
ვერ დაგასხურე საბოლოო ძმური ცრემლები,
ჩვენი შეხვედრა იმ ქვეყნად ხომ მაინც შედგება,
აქ კი ბევრი რამ, ჩემო ძმაო, მომაგონდება
დევნილ კოლხს, ვინძლო, ამიხდება წლების ოცნება,
ოდაბადეში მეღირსება კვლავ დაბრუნება,
დედის მაგიერ ნიავი რომ მომეფერება,
იქ უსათუოდ მე კუკური მომაგონდება...
ცისარტყელა რომ ცის კაბადონს გადაეკვრება
და გათენდება დღე ნათელი ჯვართამაღლების,
გზას სიონისკენ დაადგებიან მომლოცველები,
კუკური, ძმაო, იცოდე, რომ მომაგონდები...
ვალერიან ვეკუა
Nessun commento:
Posta un commento