giovedì 29 maggio 2008

კვლავ გაისმის ოდოია (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

აფხაზეთში ტაროსია, თუ წვიმები დამდგარა,
მესეფენი* მოსულან და აქ ენგურთან დამდგარან,
თარაშ ემხვარს ესიზმრება არამხუტუ ვერეხი**,
დრო გაჩერდა, გაირინდა, ციდან მოდის მერეხი...

ამბებს ჰყვება ლუკაია, ძველებურს და დარდიანს,
ოდიშს მოვა, შევეგებოთ დევგმირ ცოტნე დადიანს.
ენგურს ებრძვის ემუხვარი, მთვარე მოუტაცნია,
კვლავ გაისმის ოდოია, ცაში აუტაცნიათ!...

*მესეფენი-ქვეწარმავალთა ღმერთები, ცხოვრობენ თურმე ზღვაში. კ. Gამსახურდიას “მთვარის მოტაცებიდან”
**ვერეხი-(მეგრ) გოლიათი

გეფიცებით, ძმობას (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ვუძღვნი კავკასიის გათავისუფლებისათვის
მებრძოლ ვაინახ ძმებს.

კავკასიის მთებში იბრძვის ვაინახი,
დაშანთული მკერდით, ბევრი ჭირნანახი,
აქვს ქორივით მზერა, ძმისთვის ღია გული,
გეფიცებით ძმობას, კოლხი გაყიდული...

ვედენო და დარგო არ მაქვს ჯერ ნანახი,
მტერმა იქ იპოვა მიწა დასამარხი,
მეც მიგულე შენთან, შენებრ მიცემს გული,
გეფიცები ძმობას, კოლხი გაყიდული.

კავკასიის მგელო, მტრის რისხვა ხარ, მეხი,
გაუჩინე მტარვალს დიდი თავსატეხი.
ტყუილია, ძმებო, რუსს არა აქვს რჯული!
გეფიცებით ძმობას, კოლხი გაყიდული.

კოლხეთი (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

კოლხეთი-ლეგენდა, მითი და ზღაპარი,
კოლხეთი-სამოთხე, ედემის ბაღნარი,
კოლხეთი-გელათი, ილორი ბიჭვინთა,
ტკბილი ნანინა და კელაპტარი...

კოლხეთი-აია და ოქროს საწმისი...
კოლხეთი-ტაძარი და დიდი ფაზისი,
კოლხეთი-ცოტნე და წმინდანი ამბროსი...
მყოფადი ნათელი, ნაშობი აწმყოსი.

კოლხეთი-ჭყონდიდი, ანკარა ტეხური.
კოლხეთი-ქუჯივით არს სიტყვა მეფური.
კოლხეთი-ანბანი ფარნავაზული,
კოლხო, მოდგმა ხარ იაფეტური.

კოლხეთი-ვეფხვივით ღრიალა ენგური,
კოლხეთი-როკვა და მკვნესარე ჩონგური,
კოლხეთი-მახვილი კავკასიური,
ღმერთების სავანე ოლიმპიური.

კოლხეთი-უტეხი, კლდე, ციტადელი.
კოლხეთი-მადლია და საკმეველი.
კოლხეთი-უმანკო, ვით თაფლის სანთელი.
შენი პირმშო ვარ და შენზედ მლოცველი.

მიკვირს (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

კაცი როცა სინდისს ჰყიდის,
რაღა უნდა მწამდეს მისი?
აღარ ვიცი, თანაც მიკვირს,
ის უკეთესს რას იყიდის?...

კაცი ვარ და მიტომ მიჭირს,
ვერ წამართმევს ვერვინ სინდისს,
არაკაცთა ნაჭამ სირცხვილს
მე ვარჩევდი კაცურ სიკვდილს.

წყვდიადზე განა ითქმის ნათელი?... (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

გამოეხვია ცხვრის ქურქში მგელი,
იყო ყვავი და გამხდარა მღვდელი,
აქ, ჩვენთან ვარქმევთ ყორანს მიმინოს,
ვისაც ყური აქვს, უნდა ისმინოს!

ცრუობს ფლიდი და ფარისეველი,
ჩემობს კრავობას ეგ მწვალებელი,
ახლა დემონი დევნის ანგელოზს,
ვისაც ყური აქვს, უნდა ისმინოს!

წყვდიადზე განა ითქმის ნათელი?
გვედრი, უფალო, იხსენ ქართველი.
მხოხავმა ცაში როგორ იფრინოს?
ვისაც ყური აქვს, უნდა ისმინოს.

ჰოი, ნანა (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

ვუძღვნი აფხაზეთის შაოსან დედებს

ჰოი ნანა, დიდოუ ნანა,
ვოი ნანა, ვოი ნანა!
ტირის, მოსთქვამს კოლხი ნანა:
ეჰ, წაგვართვეს ჩვენი მიწა,
ჩვენი ზღვა და ჩვენი ზეცა,
გულრიფში და ჩემი დრანდა,
აქეთ გალი, იქით გაგრა,
მამლუქის ხვედრს მაზიარეს,
ოდაბადე მომენატრა!
ჰოი ნანა, ვოი ნანა,
ვოი ნანა, ვოი ნანა!
აფხაზეთის წმინდა მიწა
კოლხთა სისხლით გადაიწრყა,
შევუპყრივარ ნოსტალგიას,
მენატრება ჩემი რიწა,
ჰოი ნანა, დიდოუ ნანა,
ვოი, ნანა, ვოი ნანა!
ცოცხლად დასწვეს კოლხი ნანა,
მერამდენედ, ერთხელ განა?!
იწვის, იწვის კოლხის ოდა
და მის გვერდით კოხტა ფაცხა.
ჰოი ნანა, დიოდუ ნანა,
ვოი ნანა, ვოი ნანა!
ბოღმა ახრჩობს ხვიჩას, გოჩას,
კოლხი ცირა გოდებს, მოსთქვამს,
ვინღა გაძლევს ბრძოლის ნებას,
დაგახლიან ზურგში ტყვიას.
ჰოი ნანა, დიდოუ ნანა,
ვოი ნანა, ვოი ნანა!
მე სიცოცხლე რაღად მინდა,-
ვერ ვაკითხავ მამის საფლავს,
ვფიცავ, კოლხურ ნანას ვფიცავ,
მე ჩემს სოხუმს კვლავაც ვნახავ.
ჰოი ნანა, დიდოუ ნანა,
ვოი ნანა, ვოი ნანა!

მწყემსო კეთილო (კრებულიდან "შვიდი საყვირი")

მამულზე დარდმა მომიწყო ჯანყი,
არღვევს გრიგალი ფიქრების ტალღებს.
ამ ქარიშხალში მეზღვაურივით,
აღარ ვეშვები ცხოვრების საჭეს.

როგორ ვუყურო სისხლიან ხელებს?
ან კიდევ ამდენ ცრემლების ჩანჩქერს?!
ნესტანი დღესაც ტყვე არის ქაჯეთს,
დემონი ისევ, ისევ ხარხარებს.

აღარ მღერიან აქ იავნანას,
ცეცხლს უკიდებენ აკაკის აკვანს.
ვინ უმკურნალებს ფშაველას არწივს,
კავკასიონზე ამაყად გაზრდილს...

სადღაა სახე, ვუყურებ ნიღბებს,
კვლავ თაყვანს სცემენ კერპებს, ქიმერებს,
ღმერთო მაღალო, მწყემსო კეთილო,
შენ გადმოხვედე მაცხოვრის შვილებს!