martedì 2 dicembre 2008

უნდა გავუძლო

"არაფერი ისე ძნელი გამოსაცნობი არაა, როგორც ცხენი, თუთუნი და ქალი"... (კონსტანტინე გამსახურდია-"მთვარის მოტაცება")

უტყვად მორჩილმა სამსხვერპლოზე გული დაგიდე,
უკუნ ღამეებს შევერკინე, ლექსით გადიდე,
უკვდავსაყოფად ხელთუქმნელი ხატი აგიგე,
უკან არა გთხოვ, შენ გეკუთვნის, რად ვერ გაიგე?!
უნდა გავუძლო მოძღვავებულ ფიქრთა ქარიშხალს,
უნდა გავუძლო განშორებას, გულს რომ მიხალავს,
უნდა გავუძლო მონატრებას, წყურვილით რომ მკლავს,
უნდა გავუძლო, ვიცი, გიხილავ კვლავ ჩემს ამორძალს...
უდაბნოდ იქცა ოაზისი, არ მინდობს ხვატი,
უდარდელია და ორპირი ზოზინა მარტი,
უფლის წყალობა დიადია, ულევი-მადლი,
უკუნს გაარღვევს აპრილი და იხარებს ვარდი...
უნდა გავუძლო მოძღვავებულ ფიქრთა ქარიშხალს,
უნდა გავუძლო განშორებას, გულს რომ მიხალავს,
უნდა გავუძლო მონატრებას, წყურვილით რომ მკლავს,
უნდა გავუძლო, ვიცი, გიხილავ კვლავ ჩემს ამორძალს...

ვალერიან ვეკუა
16.07.08

"მე მოგიკვდი"

ღმერთო ჩემო, რა შევცოდე,
რომ არ გინელდება ბრაზი?!
მითხარ, მითხარ, რომ ვიცოდე,
გადაესვა გრძნობებს ხაზი?!...

გზაზე ვდგავარ, დღეებს ვითვლი,
ნუთუ, ფუჭად ნათესს ვმკიდი,
ანდა იმას ვეღარ მივხვდი,
რას ნიშნავდა "მე მოგიკვდი".

მითხარ, მითხარ, რომ ვიცოდე,
გადაესვა გრძნობებს ხაზი?!
ღმერთო ჩემო, რა შევცოდე,
რომ არ გინელდება ბრაზი?..

ვალერიან ვეკუა
31.05.08

გვერდით მიგულე

იყო ჯვარცმა და ჩვენი ტაძარი,
რომ დავიწერეთ მე და შენ ჯვარი,
ზეცა განიხვნა, რომ მიჩურჩულე
ალალად აღთქმა-"გვერდით მიგულე"...

ხომ იყო ჯვარცმა, იყო ტაძარი,
მოგვაცილებდა ტაძრიდან ქარი,
ნუთუ ქარს გაჰყვა, რომ მიჩურჩულე
აღთქმა ალალი-"გვერდით მიგულე"?..

აღარ ჩაქრება წმინდა ლამპარი..
ტაძარში ისევ დარეკეს ზარი,
ახლაც ჩამესმის, რომ მიჩურჩულე
ალალად აღთქმა-"გვერდით მიგულე"...

ვალერიან ვეკუა
13.04.08

ეს რა წყურვილია

ღამის დუმილია..
ფიქრთან ჭიდილია..
ეს რა წყურვილია?!
ნახვის სურვილია...

ღამე რომ გრძელია,
სინათლის მტერია...
აღარც ბოდლერია,
აღარც გრანელია...

ღამის დუმილია,
ფიქრთან ჭიდილია,
ეს რა წყურვილია?!
ნახვის სურვილია...

ვალერიან ვეკუა
25.04.08

კიდევ ვიტყვი

ვიტყვი, ვიტყვი, უფლის ნებით,
კიდევ ვიტყვი სადღეგრძელოს...
იბერიის გაბრწყინების,
ერთიანი საქართველოს...

ვლოცავ ყველას, ვინც ბოლომდე
უერთგულა უფლის რჩევას...
ვინც კი ტაში არ დაუკრა
უნამუსოდ ქვეყნის ნგრევას...

ყველა იმათ, სიყვარულით
ვინც იწვოდა მოძმის მიმართ...
ვინაც თვალი გაუსწორა,
არ დახარბდა ოქროს რიალს...
ვინც სული არ ანაცვალა
ოცდაათი ვერცხლის ჩხრიალს...

ვიტყვი, ვიტყვი, უფლის ნებით
კიდევ ვიტყვი სადღეგრძელოს..
გაუმარჯოს ერის ნებას,
გაუმარჯოს საქართველოს.

ვ. ვეკუა
29.07.07

კალიმა და მაგადანი

კალიმა და მაგადანი,
პოლარული ღამე,
შორეული მოვლილი გაქვს
და ციმბირის მხარე...

შენი წილი ვაჟკაცობა
მკერდით რომ ატარე,
მგლისმუხლება იროდი ხარ,
ხომ არ დაიღალე?!

წუთისოფლად კარგიც ნახე,
უფრო მეტი-მწარე,
ხორცზე სული არ გაცვალე,
კაცობას ეწამე...

ჯერ ფარ-ხმალი არ დაყარო,
კვლავაც მხნედ იარე,
აღარა ხარ მარტოსული,
ჩვენ შევხვდებით მალე...

შემოვძახოთ ჩვენებურად
დარდიანი რამე,
წარსულები მოვიგონოთ,
ხმაში გენაცვალე...

გენო, გიზო, კუკურიზე
ბევრი ცრემლი ვღვარე,
მოსაგონრად წავუქციოთ
ჩვენც "მანავის მწვანე"...

კალიმა და მაგადანი,
პოლარული ღამე,
შორეული მოვლილი გაქვს
და ციმბირის მხარე...

ვ. ვეკუა
07.07.07

ვიცი, დედა

ვიცი, დედა, შენ რომ ჩემი ნახვა გწადდა სიკვდილის წინ,
ალბათ, იმის თქმა გინდოდა, რაც არ გითქვამს ჩემთვის უწინ...
სანამ ბინდი გადაგეკრა, რომ დამიწყე თვალით ძებნა,
მერამდენედ ჩაირბინეს იქნებ თვალწინ ყრმობის წლებმა.
ნანინა და დედის ლოცვა შვილის გულზე იწერება,
ეს ცხოვრება, ერთი ციდა, საუკუნოდ იწელება...
გაჩენილი წუთისოფლად, აქ არავინ აღარ რჩება...
მაინც მიდის უსასრულოდ და უაზროდ ფაცი-ფუცი...
ქვეყანაზე არ ილევა როგორც კარგი, ისე ცუდი..
საწუთროში სტუმრად მყოფი, იქ შეხვედრას ჯერ აქ ვუცდი.

ვ. ვეკუა
01.07.07