martedì 2 dicembre 2008

გვერდით მიგულე

იყო ჯვარცმა და ჩვენი ტაძარი,
რომ დავიწერეთ მე და შენ ჯვარი,
ზეცა განიხვნა, რომ მიჩურჩულე
ალალად აღთქმა-"გვერდით მიგულე"...

ხომ იყო ჯვარცმა, იყო ტაძარი,
მოგვაცილებდა ტაძრიდან ქარი,
ნუთუ ქარს გაჰყვა, რომ მიჩურჩულე
აღთქმა ალალი-"გვერდით მიგულე"?..

აღარ ჩაქრება წმინდა ლამპარი..
ტაძარში ისევ დარეკეს ზარი,
ახლაც ჩამესმის, რომ მიჩურჩულე
ალალად აღთქმა-"გვერდით მიგულე"...

ვალერიან ვეკუა
13.04.08

ეს რა წყურვილია

ღამის დუმილია..
ფიქრთან ჭიდილია..
ეს რა წყურვილია?!
ნახვის სურვილია...

ღამე რომ გრძელია,
სინათლის მტერია...
აღარც ბოდლერია,
აღარც გრანელია...

ღამის დუმილია,
ფიქრთან ჭიდილია,
ეს რა წყურვილია?!
ნახვის სურვილია...

ვალერიან ვეკუა
25.04.08

კიდევ ვიტყვი

ვიტყვი, ვიტყვი, უფლის ნებით,
კიდევ ვიტყვი სადღეგრძელოს...
იბერიის გაბრწყინების,
ერთიანი საქართველოს...

ვლოცავ ყველას, ვინც ბოლომდე
უერთგულა უფლის რჩევას...
ვინც კი ტაში არ დაუკრა
უნამუსოდ ქვეყნის ნგრევას...

ყველა იმათ, სიყვარულით
ვინც იწვოდა მოძმის მიმართ...
ვინაც თვალი გაუსწორა,
არ დახარბდა ოქროს რიალს...
ვინც სული არ ანაცვალა
ოცდაათი ვერცხლის ჩხრიალს...

ვიტყვი, ვიტყვი, უფლის ნებით
კიდევ ვიტყვი სადღეგრძელოს..
გაუმარჯოს ერის ნებას,
გაუმარჯოს საქართველოს.

ვ. ვეკუა
29.07.07

კალიმა და მაგადანი

კალიმა და მაგადანი,
პოლარული ღამე,
შორეული მოვლილი გაქვს
და ციმბირის მხარე...

შენი წილი ვაჟკაცობა
მკერდით რომ ატარე,
მგლისმუხლება იროდი ხარ,
ხომ არ დაიღალე?!

წუთისოფლად კარგიც ნახე,
უფრო მეტი-მწარე,
ხორცზე სული არ გაცვალე,
კაცობას ეწამე...

ჯერ ფარ-ხმალი არ დაყარო,
კვლავაც მხნედ იარე,
აღარა ხარ მარტოსული,
ჩვენ შევხვდებით მალე...

შემოვძახოთ ჩვენებურად
დარდიანი რამე,
წარსულები მოვიგონოთ,
ხმაში გენაცვალე...

გენო, გიზო, კუკურიზე
ბევრი ცრემლი ვღვარე,
მოსაგონრად წავუქციოთ
ჩვენც "მანავის მწვანე"...

კალიმა და მაგადანი,
პოლარული ღამე,
შორეული მოვლილი გაქვს
და ციმბირის მხარე...

ვ. ვეკუა
07.07.07

ვიცი, დედა

ვიცი, დედა, შენ რომ ჩემი ნახვა გწადდა სიკვდილის წინ,
ალბათ, იმის თქმა გინდოდა, რაც არ გითქვამს ჩემთვის უწინ...
სანამ ბინდი გადაგეკრა, რომ დამიწყე თვალით ძებნა,
მერამდენედ ჩაირბინეს იქნებ თვალწინ ყრმობის წლებმა.
ნანინა და დედის ლოცვა შვილის გულზე იწერება,
ეს ცხოვრება, ერთი ციდა, საუკუნოდ იწელება...
გაჩენილი წუთისოფლად, აქ არავინ აღარ რჩება...
მაინც მიდის უსასრულოდ და უაზროდ ფაცი-ფუცი...
ქვეყანაზე არ ილევა როგორც კარგი, ისე ცუდი..
საწუთროში სტუმრად მყოფი, იქ შეხვედრას ჯერ აქ ვუცდი.

ვ. ვეკუა
01.07.07

სპექტაკლი

დაეშვა ფარდა,
დადგმა დამთავრდა...
დაცარიელდა კვლავაც პარტერი...
სპექტაკლზე იყო ყვავილი ბევრი,
მქუხარე ტაში, "ბრავო"-ულევი...
მერე ადგა და
ყველა წავიდა...
სიჩუმე დადგა
არაფრის მთქმელი...

ვ. ვეკუა
11.02.06

გოლგოთის მგზავრი

"მაშინ პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის დაკმაყოფილება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა, რათა ჯვარცმულიყო".

მარკოზი 15,15. მათ 27,26. იოვანე 19,17

ხარხარებს ხალხი,
არის ხორხოცი...
ყრმას დაფლეთია
ბეჭებზე ხორცი...
გა გაჭიმულა,
მძიმეა ჯვარი...
წელში მოხრილა
გოლგოთის მგზავრი....
ეკლის გვირგვინი,
წინა აქვს ჯვარცმა...
იუდამ ვერცხლზე
მოყვასი გასცა...
ბარაბა ასცდა
პილატეს მსჯავრსა..
უგუნურება
ახარებს ხალხსა...
"აღარ უწყიან
იქმნიან რასა"..
ცრემლი მოაწვა
გოლგოთის მგზავრსა...

ვ. ვეკუა
06.09.04