domenica 2 agosto 2009

ვალერიან ვეკუა: მზე

მზე-მშვენიერია, დიდებული და მიუწვდომელი. მზე სიცოცხლეა... ღმერთიც ხომ სიცოცხლეა და მიუწვდომელი...

მზესა და მზის ღმერთს ძველი ეგვიპტელები "რა"-ს ეძახოდნენ. კოლხების ფესვებიც ეგვიპტეს უკავშირდება. იქნებ იქიდან იღებს სათავეს სიმღერა-"ო, რე რა, რა ნინა", რაც მეგრულად სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება-"ო, არის მზე, მზის ენა"... ვინ იცის, იქნებ ეს ძველი კოლხური ჰიმნიცაა, მზისადმი მიძღვნილი.

საქართველოში მზისადმი თაყვანისცემაზე და სიყვარულზე მეტყველებს აგრეთვე სიმრავლე ისეთი საკუთარი სახელებისა, როგორებიცაა: მზეჭაბუკი, მამამზე, პირიმზე და ა.შ.

კოლხებში ერთი დღე მზის დღედ ითვლება, მეგრელები კვირას "ბჟაშდღას" უწოდებენ, კვირა უქმე დღეა, მზის დღე (ბჟაშდღა), ე. ი. ღმერთის დღე...

ძველი ბერძნები კოლხეთის ერთ-ერთ უდიდეს მდინარე რიონს-ფასის, ანუ ფაზის (სტრაბონი, ჰეროდოტე, არიანე და სხვ.) უწოდებდნენ. ფაზისში იქნებ ისინი "მზის წყალს" გულისხმობდნენ და გამორიცხული არაა, ქართულადაც ასე ერქვა მაშინ მდინარე რიონს. ღვთიური ქვეყანა აიას უმთავრეს მდინარეს...

სახელწოდება შეიძლება, კოლხურად თუ ვიტყვით, "ფშა მზისი"-დან მოდიოდეს. ამიტომაც, შესაძლოა, აქ ბერძნული ძირი არც იყოს საძებნი, რადგან როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში-კოლხეთში, ხშირია წყლიდან წარმომდგარი გეოგრაფიული ადგილის სახელწოდებები: სქური, სქურჩა, ფშავი, ფშაფი და ა.შ.

შესაძლოა, მდინარე რიონის დღევანდელი სახელწოდებაც წარმოიშვება სიტყვებისაგან "რა-იონი", რაც მეგრულად "მზე წაიყვანე"-ს [რა (მზე) - იონი (წაიყვანე)] ნიშნავს... ვინ იცის?

დიდ შოთას, თავის უკვდავ „ვეფხისტყაოსანში“, მზე ღმერთთან ჰყავს გაიგივებული. ქალბატონი სოფიო ღლონტი, თავის ნაშრომში „ზვიად გამსახურდიას ქრისტიანული მრწამსი“, ყურადღებას ამახვილებს მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომ „მზესთან შედარება გმირისა, მიმართვა: „მზეო“, „მთვარეო“ ჩვეულებრივი მოვლენაა „ვეფხისტყაოსანში“ ისევე, როგორც საერთოდ აღმოსავლეთის პოეზიაში. პოემაში რამდენჯერმე გვხვდება სიტყვა „სამყარო“, მასთან დაკავშირებული „სამყაროს მზე“, „ზენა მზე“-ეს ეპითეტები მხოლოდ ტარიელთან, ან ნესტანთან მიმართებაში გამოიყენება, რაც ავტორის აზრით, ნამდვილად არ არის შემთხვევითი. პოემაში პირველივე ხსენება ტარიელისა დაკავშირებულია სამყაროსთან:

„უცხოსა და საკვირველსა ყრმასა რასმე გარდვეკიდე,
მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე“.

ეს სტრიქონები მიუთითებენ, რომ ტარიელი არის სამყაროს მზე, ანუ ღმერთი... (შუქის გამოცემა ხომ რიგით მოკვდავს არ ძალუძს. მხოლოდ ღმერთებს შეუძლიათ ნათება, ანუ შარავანდედით შემოსვა...). ასეთივე ქვეტექსტი აქვს ავთანდილის სიტყვებს, რომელსაც იგი ამბობს ტარიელთან პირველი შეხვედრისას:

„სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა“...

ზემოთაშნიშნული ამონარიდი ქალბატონ სოფიო ღლონტის ნაშრომიდან მეტად მნიშვნელოვანია და მიგვანიშნებს შოთა რუსთაველის დამოკიდებულებაზე მზისადმი, როგორც ღმერთისადმი.

მზე, მოგეხსენებათ, ყველგან აღმოსავლეთიდან ამოდის ხოლმე, თანაბრად მოეფინება და ათბობს ყოველივე მიწიერს. ჩემს მშობლიურ აფხაზეთში, კოლხეთის ამ ნარინჯოვან, მზიან მხარეში მზე, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთიდან ამოდის... გულრიფშისათვის, სადაც მე დავიბადე და ავიდგი ენა, აღმოსავალი მდინარე კოდორის შუაწელი და მთა ოტორონჯეა, საიდანაც ყოველ დილით ამოიწვერება მზე, თავისი ბრწყინვალებითა და მშვენიერებით.
დიახ, მზე ჩემს ოდაბადეში ყოველ ცისმარე ოტორონჯის მთიდან ამოდის და ეს აღმასვლა, ზაფხულში თორმეტიდან პირველი საათისათვის აღწევს ზენიტს. შემდეგ, მზე გეზს დასავლეთისაკენ იღებს, საღამოს პირზე კი ქალაქ სოხუმიდან ათი-თხუთმეტი კილომეტრის მოშორებით ჰორიზონტს გადაჭრის და ნელა იძირება ზღვაში. თითქოს ფეხს ითრევსო, უჭირს მზესქვეშეთთან გამოთხოვება...

მზე ჩასვლის შემდეგაც ერთხანს ოქროსფრად ასხივოსნებს ცის კაბადონს და მაღლიდან ანარეკლი შუქი ლივლივას ხდის ზღვის ზედაპირს. ეს ლივლივი თითქოს ნიშანიაო, ათასობით თოლია ჟრიამულითა და ყიჟინით აიჭრება მაღლა, ფრთების ტყლაშუნით შემოჰკრავენ ტაშს და ამდაგვარი აპლოდისმენტებით ეთხოვებიან მზეს, მომავალ შეხვედრამდე, რათა ისევ მოუწყონ მას მხიარული გაცილება... თოლიების ამ ჟრიამულს დელფინებიც უერთდებიან. ისინი წრიული ნახტომებით ამოიჭრებიან ზღვიდან, ჩაყვინთავენ უკან და ასე ლამობენს ჩაძირული მზის გადარჩენას.

მეგრელები მზეს „ბჟა“-ს უწოდებენ. „ბჟა“ რძეს ნიშნავს მეგრულად. რძე რომ სიცოცხლის წყარო და მასაზრდოებელია, დამატებით განმარტებებს არ საჭიროებს.

მზე მართლაც დიდებულია თავისი მშვენიერებით...

მზე მარადიულია, როგორც ღმერთი!...